პრემიერმა პრეზიდენტს მინისტრობის კანდიდატების სია გაუგზავნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარუდგინა. კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს, აღნიშნულისთვის კი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა უნდა მიმართოს. კანონმდებლობით, ქვეყნის პირველ პირს ნდობის მოსაპოვებლად საკანონმდებლო ორგანოსადმი მიმართვისთვის 7- დღიანი ვადა აქვს. თავის მხრივ, პარლამენტი ვალდებულია, აღნიშნული საკითხი 7 დღის ვადაში განიხილოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის ახალი კანდიდატები გუშინ დაასახელა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ დანელია, კულტურის მინისტრად მიხეილ გიორგაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრად დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად გელა დუმბაძე. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადაინაცვლებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამ უწყებიდან მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს.