შსს-ს აკადემიას გერმანიის კრიმინალური პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელი ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას გერმანიის კრიმინალური პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელი გეორგ შალკჰაუსერი ეწვია. უწყების ინფორმაციით, ვიზიტი, რომლის ორგანიზება ევროპის პოლიციის კოლეჯის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოხდა, გაცნობითი ხასიათის იყო. ევროპის პოლიციის კოლეჯის, CEPOL-ის (CEPOL – ფრანგ. Collège Européen de Police) ერთ-ერთი მთავარი მიზანი გაცვლითი პროგრამის განხორციელებაა, რაც სხვადასხვა ქვეყანაში პოლიციის თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო ვიზიტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ორგანიზაციებში, რომელთანაც CEPOL-ს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისში გერმანიაში გაცვლითი პროგრამის პირველი ვიზიტი განხორციელდა, რომელშიც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი მონაწილეობდა. გერმანიის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლის საპასუხო ვიზიტი სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აკადემიაში მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები გააცნეს, განსაკუთრებული აქცენტი შსს-ს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის თემატიკის სწავლებაზე გაკეთდა. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.