“შესაძლოა, ბაჩო ახალაია “მტერი ახლოს უნდა გყავდეს“- პრინციპით მოქმედებდა”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნუკრი ქანთარია თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სიდედრის მიერ რუსი დიპლომატისთვის ბინის მიქირავების ფაქტს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოფილი ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა. ქანთარიას თქმით, დაინტერესების შემთხვევაში შესაბამისი უწყებები დაადგენენ, ბაჩო ახალაიას სიდედრის სახლში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის ანდრეი სმაგას ცხოვრება უბრალო შემთხვევითობაა, თუ გაცილებით მნიშვნელოვან საკითხთან გვაქვს საქმე. „ბაჩო ახალაიაც და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსენებიც ჯაშუშობის შეთითხნილი ბრალდებით ადამიანებს აწამებდნენ და სასიკვდილოდ იმეტებდნენ. ამ ფონზე ვხედავთ, რომ ახალაიას ახლობლის სახლში რუსი დიპლომატი ცხოვრობდა და ცხოვრობს. “ნაციონალები“ ყველას ხელაღებით აგენტებს ეძახდნენ, თუმცა როდესაც თავად სჭირდებოდათ, დაუბრკოლებლად შედიოდნენ მათთან კონტაქტში. ბაჩო ახალაიას, რომელიც იმ პერიოდში სხვადასხვა ძალოვან უწყებას ხელმძღვანელობდა, მეტი წინდახედულობა და სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ახალაია ნათესავებისა და პირად ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებდა. დაინტერესების შემთხვევაში შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოაშკარაონ, რუსი დიპლომატი ნადარეიშვილების ბინაში წმინდა კომერციული დაინტერესებით ცხოვრობს თუ სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხთან გვაქვს საქმე“,- განუცხადა “კვირას“ ნუკრი ქანთარიამ. ამასთან, დეპუტატმა, ირონიით დასძინა, რომ შესაძლოა, ბაჩო ახალაია “მტერი ახლოს უნდა გყავდეს“- პრინციპით მოქმედებდა და ამიტომ დაიდო ბინა მისი ახლობლების ბინაში რუსმა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ძმის, ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა სკანდალური დეტალი ამოატივტივა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი მშობლების კუთვნილი ერთ-ერთი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ, მათ ბინაში შესვლის უფლება მეიჯარემ არ მისცა და განაცხადა, რომ ის რუსი დიპლომატია, რომელიც წლებია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს. „კვირა“ შეეცადა, აღნიშნული დიპლომატის სტატუსის და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღმოჩნდა, პირი, რომელიც ნადარეიშვილების ბინაში წლებია ცხოვრობს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგაა. ახალაიას სიდედრმა ლიდია ყურაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას დაადასტურა ფაქტი, რომ სახლი ნამდვილად ერთ-ერთ დიპლომატზე, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე აქვს გაქირავებული. თუმცა ახალაიას სიდედრმა მისი ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა და განმარტა, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ სურს. აღნიშნულ თემას დღეს საგანგებო განცხადებით ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა. როგორც ნადარეიშვილი საგანგებო განცხადებაში განმარტავს, მამამისის, თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2004 წლიდან აღნიშნული ბინა გაქირავებულია და სახლთან ბაჩო ახალაიას არანაირი შეხება არ აქვს. ბაჩო ახალაიას მეუღლე ასევე ვრცელ განმარტებას აკეთებს დედამისის, ლიდია ყურაშვილის მიერ აღნიშნული ბინის რუსეთის წარმომადგენლისთვის მიქირავების გადაწყვეტილების გარემოებებზე. ნადარეიშვილის მტკიცებით, 2009 წელს სახლის ქირაობის სურვილი რუსეთის წარმომადგენელმა გამოთქვა, რაზედაც ლიდია ყურაშვილმა უარი განაცხადა და განმარტა, რომ “თამაზის ნაცხოვრებ სახლში“ მტრებს არ აცხოვრებდა. თუმცა, ბაჩო ახალაიას მეუღლის თქმით, უშიშროების სამსახურმა დედამისს აუხსნა, რომ სახელმწიფოსთვის ასე იყო აუცილებელი, შესაბამისად, სახლი რუსეთის წარმომადგენელს მიქირავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები