„გიგი უგულავა ქვეყნიდან მიმალვას ცდილობდა და მორატორიუმი ვერ იმოქმედებდა“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, გიგი უგულავა ცდილობდა ქვეყნიდან მიმალვას და ამ შემთხვევაში მორატორიუმი, რა თქმა უნდა, ვერ იმოქმედებდა. მისი თქმით, მორატორიუმი არ იყო იმუნიტეტი. მისივე თქმით, სასამართლო არის დამოუკიდებელი და სასამართლო თავად განსჯის, რა აქვს ჩადენილი უგულავას და რა არა.
“პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი პოლიტიკურად კეთილი ჟესტი იყო. ეს არსად არ წერია კანონში და, შესაბამისად, პრემიერს არ ევალებოდა ამის გაკეთება, მაგრამ მან ეს გააკეთა. ეს კარგი ნაბიჯი იყო და ძალიან ბევრ რამეში საარჩევნო გარემო გააუმჯობესა. თუმცა, თუ ვინმემ და ვინმემ, სახელად უგულავამ დაიწყო ცრუ მოძრაობები და დღე ერთი იყო და ორჯერ იმყოფებოდა აეროპორტში და ცდილობდა ქვეყნიდან მიმალვას, რა თქმა უნდა, აქ მორატორიუმი ვერ იმოქმედებდა. მორატორიუმი არ იყო იმუნიტეტი, ამიტომ სამართალდამცველმა ორგანოებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ და ვთვლი, რომ უგულავამ პასუხი უნდა აგოს მთელი სიმკაცრით იმ ქმედებებისთვის, რაც მას დაუდგინდება, რომ აქვს ჩადენილი.
გაიმართება სასამართლო. სასამართლო დამოუკიდებელია, იმედი მაქვს, რომ პროკურატურა აღჭურვილი იქნება ძლიერი მტკიცებულებებით და დამოუკიდებელი სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა აქვს ჩადენილი უგულავას და რა არა”, – განაცხადა წულუკიანმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ “კავკასიის” გადაცემა “ბარიერში” განაცხადა, რომ არ იყო სასიამოვნო, როცა გიგი უგულავას დაკავება მაინც და მაინც გამოცხადებული მორატორიუმის დროს მოხდა.