ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც სექტემბრიდან დაიწყო, დასრულდა. სამუშაოების შედეგები საზოგადოებას „საყდრისის კომიტეტმა“ რესტავრატორებთან ერთად გააცნო.
ამ დროისთვის ციხე-დარბაზი სრულად არის გაწმენდილი ნაყარი მიწისა და ნაგვისგან. იმის გამო, რომ VIII კოშკის მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, სამუშაოების დიდი ნაწილი სწორედ ამ კოშკზე მიმდინარეობდა; სპეციალური მეთოდით მოხდა კოშკზე არსებული ბზარის „ამოკერვა“ და გაწმენდის დროს აღმოჩენილი ავთენტური საფეხურების კონსერვაცია. ასევე, დასრულებულია იატაკის მოწყობის ყველა საჭირო სამუშაო. უსაფრთხო გადაადგილებისთვის, კოშკთან ასასვლელ ბილიკზე გაკეთდა ლითონის მოაჯირი.
არსებული ბზარების დამუშავება-„ამოკერვა“ მოხდა III კოშკზეც.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაწმენდითი სამუშაოების დროს ციხე-დარბაზში აღმოაჩინეს ქვევრები, კერამიკის ნაწილები და შურდულით სასროლი რკინის ბურთულები.
ხულუტის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს უნდა განახლდეს. როგორც არქიტექტორ-რესტავრატორი ნანა ინწკირველი აღნიშნავს, პირველი ეტაპის სამუშაოების პროცესში ბევრი ისეთი დეტალი გამოიკვეთა, რომელიც სამუშაოების დაწყებამდე ცნობილი არ იყო. მისივე თქმით, 2022 წელს, დაგეგმილი სამუშაოების გარდა, სხვა ტიპის სამუშაოების ჩატარებაც იქნება საჭირო.
„მომავალი წლისთვის იგეგმება, ძირითადად, საკონსერვაციო სამუშაოები და საპირე წყობების ამოგოზვა, თუმცა გამოვლინდა სხვადასხვა სამუშაო, რომლის ჩატარებაც დამატებით მოგვიწევს. მომზადებულია კორექტირების პროექტი და იმედი გვაქვს, დადებით შეფასებას მივიღებთ. გაწმენდის შემდეგ ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რომელიც იქამდე არ ვიცოდით.
საცხოვრებელ კოშკს, რომელიც უნიკალურია, აქვს თავისი კიბის უჯრედი. შემორჩენილია სართულშუა გადახურვების სისტემაც. აღმოჩნდა, რომ პირველივე სართულზე მოწყობილი იყო ხის იატაკი, რომელიც დღეს, რასაკვირველია, ამორტიზებულია. ასევე, პროექტის მიხედვით, დაგეგმილი გვქონდა ქვის კიბის მოწყობა, თუმცა გაწმენდის დროს აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს ავთენტური საფეხურები,“ – აცხადებს ნანა ინწკირველი.
სარეაბილიტაციო პროცესს წინ უძღოდა მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები. ძეგლის სკანირების შემდეგ ჩატარდა გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევა, ციხე-დარბაზი გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან და მოეწყო ციხემდე ასასვლელი ბილიკი.
ყაფლან ორბელიშვილის მიერ აშენებული 5 კოშკისგან შემდგარი 8-სართულიანი ხულუტის ციხე-დარბაზი XVII საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება და ის ერთ-ერთი გამორჩეული და მდგრადი ციხე-დარბაზია საქართველოში.
2006 წელს ხულუტს ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი“ ხულუტის ციხე-დარბაზს 2017 წლიდან იცავს და ის მეექვსე ძეგლია, რომლის რეაბილიტაციაც „საყდრისის კომიტეტის“ აქტივისტების ინიციატივით და მონიტორინგით მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 776 000 ლარს შეადგენს. ვინაიდან ძეგლი კომპანია „არ ემ ჯი გოლდის“ საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, აქტივისტებსა და კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, სამუშაოებს კომპანია „არ ემ ჯი“ აფინანსებს. ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, კომპანია „ინდუსტრია“ ახორციელებს.
„საყდრისის კომიტეტის“ წევრის, ნინო ბურჭულაძის განცხადებით, პროექტზე მომუშავე ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამუშაოები მალე დასრულდეს.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ძეგლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაღალ კოშკზე არსებული ბზარი იყო, რომელიც გამჭოლი არ გახლდათ, თუმცა გარკვეულ საფრთხეს მაინც ქმნიდა. გაწმენდის დროს აღმოვაჩინეთ გარკვეული არქეოლოგიური მასალებიც: ქვევრები, ავთენტური საფეხურები, იატაკი და ა.შ. ველოდებით უფრო მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. „საყდრისის კომიტეტიც“, „ინდუსტრიაც“ და „არ ემ ჯი გოლდიც“ არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა სამუშაოები რაც შეიძლება მალე დასრულდეს,“ – აცხადებს ნინო ბურჭულაძე.
როგორც „არ ემ ჯი გოლდის“ კორპორატიული დირექტორი, კახა მჭედლიშვილი განმარტავს, ძეგლი დამთვალიერებლებისთვის ნაწილობრივ უკვე გაიხსნება. მისივე თქმით, კომპანია არაერთ მსგავს პროექტს ახორციელებს.
„ხულუტის ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულება გულისხმობს იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი დამთვალიერებლისთვის ნაწილობრივ გაიხსნება. ეს არის „არ ემ ჯი გოლდისა“ და „საყდრისის კომიტეტის“ მორიგი წარმატებული საერთო პროექტი. ზოგადად, „არ ემ ჯის“ აქვს კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ძალიან ბევრი ეროვნული ძეგლის რეაბილიტაცია ხორციელდება, მათ შორის, „საყდრისის კომიტეტთან“ ერთად,“ – აღნიშნავს კახა მჭედლიშვილი.
მნიშნველოვანია, რომ ხულუტის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქამდე არასდროს ჩატარებულა.