ბესიკ თამლიანს ბრალი წარუდგინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს, რომელიც 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც თამლიანის ადვოკატი თეონა ქურიძე აცხადებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარუდგინეს, რაც სამართალდამცავისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას გულისხმობს.

„დუმილის უფლებას იყენებს ბატონი ბესიკი, მას ოფიციალურად ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით. ეს მუხლი წარმოადგენს ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით ხელშეშლას სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ, ხელშეშლას მის საქმიანობაზე. მუხლის კვალიფიკაციას რაც შეეხება, ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იყო მობრძანებული შეამოწმეს, აღწერეს დაზიანებები, ასევე იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი იქედან გამომდინარე, რომ განცხადებებია ინსპექციაში შესული, რომ გადამეტება იყო პოლიციის მხრიდან, გამოიკითხა ის, მისცა ჩვენება და გრძელდება გამოძიება“, – განაცხადა თეონა ქურიძემ.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ის მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, თამლიანი არ ჩამოდიოდა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს.

ამასთან, ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები