საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონის მთავარი კონკურენტი შესაძლოა, პუტინის მხარდამჭერი იყოს
ჟურნალისტმა და პოლემიკოსმა, ერიკ ზემურმა საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ოფიციალურად, ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ამის შესახებ Le Figaro წერს.
“ძვირფასო თანამემამულენო, გადავწყვიტე, ჩვენი ბედი ხელში ავიყვანო. ახლა საუბარი რეფორმებზეც არ მიდის, არამედ – საფრანგეთის გათავისუფლებაზე. გადავწყვიტე, საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა”, – თქვა მან.
ოფიციალურად გამოცხადებული საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზემანი პირველ შეხვედრას 5 დეკემბერს პარიზში, არენა “ზენიტში” გამართავს, რომლის დარბაზი 6 ათას მაყურებელს იტევს.
გამოცემა წერს, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ჟურნალისტი და მემარჯვენე შეხედულებების პოლემისტი ზემური აქტიურად აწარმოებს შეხვედრებს მისი ბოლო წიგნის პრეზენტაციის ფორმატში და გამოდის ეთერებში, რამაც გამოიწვია ვარაუდი, რომ ეს არის, რეალურად, საარჩევნო კამპანიის დასაწყისი.
თუმცა, დღემდე ის ინარჩუნებდა ინტრიგას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
ერიკ ზემური რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ ღია სიმპათიით არის განწყობილი და გულწრფელად არის მისი პერსონით აღფრთოვანებული.
2016 წელს Le Figaro-ში მან დაწერა, „პუტინი ჩვენი მტერი არ არის, ეს ჩვენი სინდისია. ის ერთადერთი ევროპელია, რომელიც უარს ეუბნება ამერიკას, როგორც ამას აკეთებდა ოდესღაც დე გოლი. ის ერთადერთი, დემოკრატიულად არჩეული ლიდერია, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ხელისუფლების ვერტიკალს მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი ჰორიზონტალური საზოგადოების ეგოლიტარიზმს ემხრობა”.
2018 წელს ერთ-ერთ ტელეთერში კითხვაზე, თუ ვის მოიყვანდა მაგალითად, როგორც ლიდერს, რომელიც იცავს საკუთარ სახელმწიფოს ყველაფრის მიუხედავად, ზემურმა პუტინი დაასახელა.