ირაკლი ზარქუა – ოპოზიციას: პრემიერმინისტრი და მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებენ და ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე
“პრემიერმინისტრი თავს კი არ იწონებს რიცხვებით, პრემიერმინისტრი და მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებენ და ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ათი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 10,5%-ს შეადგენს და მთელი მთავრობა აქცენტირებულია, რომ ეს რეალიზებული იყოს ჩვენი მოსახლეობის შემოსავლებში, მათ შორისაა პედაგოგების ხელფასები, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის გაზრდა, სოციალური მიმართულება, რომელიც ისტორიულად არის ყველაზე მაღალი, 6,5 მილიარდამდეა უკვე გაზრდილი. ეს მიუთითებს იმას, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ბიუჯეტში გაიზარდა შემოსავლები და ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი განსაზღვრული გვაქვს 19 მილიარდ ლარზე მეტით“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ.
მისი თქმით, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ – მთლიანად ევროკავშირში.
„უფრო მეტსაც გეტყვით და ეს არა მხოლოდ ჩვენი აღქმაა, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის კვლევებით, მათ შორის, ხუთწლიანი პროგნოზით და მოლოდინებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს საქართველოს, ეს უნდა გაიგოთ, ეს უნდა მივიღოთ, მათ შორის საგარეო ვაჭრობაში. ბატონ ჰერმან საბომ თქვა და მივესალმები მის იმ განცხადებას, მეც და ჩვენი გუნდიც მაქსიმალურად აქცენტირებული იქნება თანამშრომლობაზე იქ, სადაც დისკუსია იქნება სწორი, ადეკვატური, ჯანსაღი, იდეებზე და ა. შ., ოღონდ ჩასაფრებულის პოზიციიდან ერთმანეთის ხელის გადაგრეხვა არ უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის წევრი საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა და განაცხადა: „საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას რაც შეეხება, მე ვიყავი საკრებულოში 2017 წელს. მე დამხვდა იქ ძველი მთავრობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი. შემდეგ როცა შედგა ახალი საკრებულო, ჩვენ რა ცვლილებებიც გვქონდა, შევიტანეთ და ვინ გიშლით ხელს, თუ უმრავლესობა გაქვთ. ასე რომ, შევეშვათ ამ სპეკულაციებს, აქცენტირებული იყავით მოსახლეობის იმ საჭიროებებზე, რაც განსაზღვრულია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში“.
ირაკლი ზარქუას თქმით, იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რაც აქვს მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე გადაიხედება სოციალური მიმართულება და უფრო სამართლიანი გახდება.
„აქაც ველოდებით თქვენ გვერდში დგომას, სწორი ადეკვატური შენიშვნების მიღებას, თუ გაქვთ. კრიტიკას, ეს მისაღებია. მისასალმებელია საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია და ის უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი ეკონომიკის განვითარების, ასე რომ სწორ რელსებზე მივდივართ ეკონომიკაში და ნუ ეცდებით, ისევ უკან დაგვაბრუნოთ, სადაც გზების გადაკეტვა, ქაოსი, დესტაბილიზაციაა. ეს ხომ ვნახეთ ვისი ხელწერაც არის და სწორი ქენით რომ გუშინ გაემიჯნეთ და არცერთი თქვენგანი არ იყავით იქ, სასამართლოზე წარმოდგენილი“, – მიმართა ირაკლი ზარქუამ კოლეგა ოპოზიციონერებს.