ანი ნადარეიშვილი “კვირას“ მიერ რუს დიპლომატზე გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიას საგანგებო განცხადებით ეხმაურება

ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ძმის, ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა სკანდალური დეტალი ამოატივტივა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი მშობლების კუთვნილი ერთ-ერთი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ, მათ ბინაში შესვლის უფლება მეიჯარემ არ მისცა და განაცხადა, რომ ის რუსი დიპლომატია, რომელიც წლებია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.
„კვირა“ შეეცადა, აღნიშნული დიპლომატის სტატუსის და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღმოჩნდა, პირი, რომელიც ნადარეიშვილების ბინაში წლებია ცხოვრობს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგაა. ახალაიას სიდედრმა ლიდია ყურაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას დაადასტურა ფაქტი, რომ სახლი ნამდვილად ერთ-ერთ დიპლომატზე, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე აქვს გაქირავებული. თუმცა ახალაიას სიდედრმა მისი ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა და განმარტა, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ სურს.
აღნიშნულ თემას დღეს საგანგებო განცხადებით ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა. როგორც ნადარეიშვილი საგანგებო განცხადებაში განმარტავს, მამამისის თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2004 წლიდან აღნიშნული ბინა გაქირავებულია და სახლთან ბაჩო ახალაიას არანაირი შეხება არ აქვს. ბაჩო ახალაიას მეუღლე ასევე ვრცელ განმარტებას აკეთებს დედამისის, ლიდია ყურაშვილის მიერ აღნიშნული ბინის რუსეთის წარმომადგენლისთვის მიქირავების გადაწყვეტილების გარემოებებზე.
ნადარეიშვილის მტკიცებით, 2009 წელს სახლის ქირაობის სურვილი რუსეთის წარმომადგენელმა გამოთქვა, რაზედაც ლიდია ყურაშვილმა უარი განაცხადა და განმარტა, რომ “თამაზის ნაცხოვრებ სახლში“ მტრებს არ აცხოვრებდა. თუმცა, ბაჩო ახალაიას მეუღლის თქმით, უშიშროების სამსახურმა დედამისს აუხსნა, რომ სახელმწიფოსთვის ასე იყო აუცილებელი, შესაბამისად, სახლი რუსეთის წარმომადგენელს მიქირავდა. სერიოზული მედიაშემოტევა მიმდინარეობს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ!!! ვინაიდან პროკურატურა ვერაფერს გახდა, რამე ხომ უნდა იღონონ, ჰოდა, მოკლედ, რამდენიმე მარაზმატიკული ნიუსი ვრცელდება ერთდროულად, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დიდი სიხარულით ატრიალებენ სოციალურ ქსელებში:
“ბაჩო ახალაიას სიმამრის სახლში რუსები ცხოვრობდნენ”, – პირველ რიგში, ბაჩო ახალაიას ამ სახლთან არანაირი შეხება არ აქვს, ეს სახლი მამაჩემის გარდაცვალების მერე გაქირავდა 2004 წელს, მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაიას მე საერთოდ არ ვიცნობდი, მეორეც, ეს არის ერთადერთი ქონება (ერთსართულიანი, ძველი, ბელეტაჟის ტიპის სახლი, 3 ოთახით და სამზარეულოთი, მდებარე ნადარეიშვილის ქუჩა #14-ში), რომელიც მამაჩემმა დაგვიტოვა, მიუხედავად იმისა, რომ “პრივატიზაციების” დროს იგი საქართველოს ვიცე-პრემიერი იყო.
ამ სახლში ქირით ცხოვრობდნენ ჯერ ლიტვის ელჩი, შემდეგ ესტონეთის ელჩი და 2009 წელს სახლის ქირაობის სურვილი გამოთქვა რუსეთის წარმომადგენელმა, რომელსაც ფარავს შვეიცარიის საელჩო, რაზედაც დედაჩემმა უარი განაცხადა, ვინაიდან თამაზის ნაცხოვრებ სახლში, იქ, სადაც იცხოვრა და გარდაიცვალა, მის მტრებს არ ვაცხოვრებო. უშიშროების სამსახურმა აუხსნა, რომ სახელმწიფოსთვის ასე იყო აუცილებელი და სახლი მათ მიქირავდა, დანარჩენი საიდუმლოა და ამაზე არ ვილაპარაკებ, რაც არ უნდა ცილი დაგვწამოთ ჩვენს ოჯახს რაღაც სიბინძურეებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერაფერს ვიტყვი და ჩემს პირად ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არასოდეს დავაყენებ“,-აღნიშნულია ანი ნადარეიშვილის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები