რა ვიცით COVID 19-ის ახალ შტამზე და როგორ მიმდინარეობს დაავადება „ომიკრონით“ ინფიცირებულებში – ივანე ჩხაიძის განმარტება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, თსსუ- ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, მომხდარი მუტაციების მიხედვით, თეორიულად, შესაძლებელია, რომ COVID 19-ის ახალი შტამი, „ომიკრონი“ გაცილებით იოლად და სწრაფად გავრცელებადი იყოს, ვიდრე – ვირუსის „დელტა“ ვარიანტი.
ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, კორონავირუსის ეს ახალი მუტაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რამდენად რისკისშემცველი იქნება, ალბათ, დეკემბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, როდესაც „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ დეტალურად შეაფასებს ყველა იმ მონაცემს, რაც დღეისათვის აქვს. ერთი, რაც მნიშვნელოავნია: ეს არის ახალი მუტაციის გამოჩენაზე ჯანმო-ს უპრეცედენტოდ სწრაფი რეაგირება. ეს მუტაცია პირველად 9 ნოემბერს სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. 25 ნოემბერს ინფორმაცია უკვე ჯანმო-ს მიაწოდეს და ზუსტად 1 დღეში, რომლის მსგავსი რამ პანდემიის მიმდინარეობისას ჯერ არ მომხდარა, 26 ნოემბერს ჯანმო-ს ყველაზე მაღალი რანგის მრჩეველთა საბჭო შეიკრიბა და ის საფრთხეები შეფასდა, რაც კორონავირუსის ამ ახალ მუტაციას უკავშირდება. ის, რაც ჯანმო-სთვის შეშფოთების საფუძველი გახდა, გახლავთ ძალიან ბევრი მუტაცია არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ – ხარისხობრივად. ჯამურად, ესაა 50 მუტაცია. 32 უშუალოდ წვეტის ცილას უკავშირდება. ამ 32 მუტაციიდან 10 ისეთია, რომელიც ვირუსის შემბოჭველი დომეინის, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მის უჯრედში შეღწევადობის განმაპირობებელია. ანალოგიური ტიპის მუტაციების რაოდენობა დელტას შემთხვევაში ორია, „ომიკრონის“ შემთხვევაში კი – 10, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიულად, შესაძლებელია, ეს ვირუსი გაცილებით იოლად და სწრაფად გავრცელებადი იყოს, ვიდრე – ვირუსის „დელტა“ ვარიანტი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ პაციენტებში დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობდა.

„ერთი, რაც მეტნაკლებად დამამშვიდებელია, არის ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ პაცინეტებთან დაკავშირებით გვაქვს და იმ ექიმისგან მომდინარეობს, რომელმაც ახალი მუტაციით ინფიცირებული პაციენტები პირველად შეაფასა. ესაა „სამხრეთ აფრიკის ექიმთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, პრაქტიკოსი ექიმი, რომელმაც პირველად ნახა, რომ მის კლინიკაში რესპირაციული სისტემის პაციენტების რაოდენობამ მოიმატა, მაშინ როცა 8-9 კვირა სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევები დაბალ ნიშნულზე იყო. მან გადაწყვიტა, შეეფასებინა, არის თუ არა ეს შემთხვევები კორონავირუსის ახალი მუტაცია. მან პირველად დააფიქსირა, რომ ახალ მუტაციას ერთი განმასხვავებელი თვისება აქვს, მართალია – პაციენტების მცირე რაოდენობაზე დაყრდნობით, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი პაციენტი არ იყო მძიმე, არცერთს არ დასჭირდა საავადმყოფოში მოთავსება, კორონავირუსის ეს მუტაცია არ მიმდინარეობდა სუნთქვის უკარისობით. ძირითადი სიმპტომები იყო: 1-2 დღის განმავლობაში დაღლილობა, თავის ტკივილი, არ იყო ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა, საბოლოოდ, ყველა პაციეტი შეფასებული იყო, როგორც მსუბუქი მიდინარეობის რესპირაციული ვირუსული ინფექცია. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ომიკრონი“ მსუბუქი მიდინარეობის იქნება. მაგრამ, ფაქტია, ის ძალიან მწირი მასალა, რაც დღეს გვაქვს, მიუთითებს, რომ „ომიკრონი“ პოტენციურად უფრო გადამდებია, მაგრამ ჯერჯერობით საფუძველი იმისა, რომ ეს “დელტაზე“ უფრო მძიმედ შევაფასოთ, ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქით, ვირუსის ახალ შტამზე ნებისმიერი ქვეყნის პასუხი და რეაგირება ვაქცინაციის გააქტიურება უნდა იყოს.
„თავად ჯანმო რამდენიმე კვირას ითოხვს იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ, ამ საფრთხეების გათვალისწინებით, ეს მუტაცია ყველაზე მაღალი კატეგორიების ჯგუფში მოათავსა, მას შეშფოთების ვარიანტის კლასიფიკაცია მისცა. ანუ დღეისათვის, ჯანმო-ს კლასიფიკაციით, ეს ყველაზე მაღალი და პოტენციურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი მუტაციაა. შეიძლება, ეს შეფასება შეიცვალოს, ჩამოიწოოს და ასეთი აგრესიული თვისებების მატარებელი არ გახდეს. კომენტარში აღნიშნულია, რომ სჯობს, ამ ვირუსის მაქსიმალურად შეგვეშინდეს, ვიდრე ყურადღება არ მივაქციოთ.
ახალ შტამზე ნებისმიერი ქვეყნის პასუხი და რეაგირება ვაქცინაციის გააქტიურება უნდა იყოს. სხვა ქმედითი ღონისძიება ამ მუტაციის წინააღმდეგ რეალურად არ არსებობს. გუშინვე რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლის განცხადება იყო, რომ ისინი მზად არიან, მუშაობა დაიწყონ და, თუ „ომიკრონი“ისეთივე საფრთხის შემცველი იქნება , როგორიც „დელტა“, კომპანიებს საშუალოდ 100 დღე დასჭირდებათ იმისათვის, რომ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინები შექმნან. ეს დროის საკითხია. ჯერჯერობით, ამის აუცილებლობა არ დამდგარა, რადგან ყველა ვაქცინა ყველა მუტაციის წინააღმდეგ ეფექტურია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები