რა გზავნილი გაუგზავნა 7 მინისტრის შეცვლით პრემიერმა დანარჩენ მინისტრებს?

რა გზავნილი გაუგზავნა 7 მინისტრის შეცვლით პრემიერმა დანარჩენ მინისტრებს?, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ეს იყო პირდაპირი და საჯარო გაფრთხილება, რომ მინისტრთა ცვლა არ დასრულდება და შემდეგი ის იქნება, ვინც თავდაუზოგავად არ იმუშავებს.
სტატიის ავტორი წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ პრეცედენტით ძალის დემონსტრირება მოახდინა, რომ მთავრობის განახლებით არ ერიდება პოლიტიკურ „სიურპრიზებს“, პარლამენტში მთავრობის ხელახალ დამტკიცებას და მარგველაშვილის ჩართვას ამ პროცესში. გამოცემის ინფორმაციით, საკადრო წმენდა ამით არ დასრულებულა და ეს მომავალშიც მოსალოდნელია.
„და მაინც 7 მინისტრის შეცვლით პრემიერმა დანარჩენებს რა გზავნილი გაუგზავნა? ეს იყო პირდაპირი და საჯარო გაფრთხილება, რომ მინისტრთა ცვლა არ დასრულდება და შემდეგი ისინი იქნებიან, თუ თავდაუზოგავად არ იმუშავებენ, პრემიერმა ამ პრეცედენტით ძალის დემონსტრირება მოახდინა, რომ მთავრობის განახლებით არ ერიდება პოლიტიკურ „სურპრიზებს, პარლამენტში მთავრობის ხელახალ დამტკიცებას და მარგველაშვილის ჩართვას ამ პროცესში. ამ ნაბიჯით ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ის არის მთავარი მოთამაშე, თავად ადგენს თამაშის წესებს და ხალხს საქმით აჩვენებს, რომ სპეკულაციები „მოღალატე მინისტრების“ გადადგომის თაობაზე არა მხოლოდ მითია და უსაფუძვლო. ღარიბაშვილს აქვს ამბიცია, რომ საბოლოოდ შეკრას ისეთი გუნდი, რომელიც გამორიცხავს მოღალატე მინისტრების ცნებას. საკადრო წმენდის პირველი ტალღა დასრულებულია აღმასრულებელ რგოლში, თუმცა ღარიბაშვილი წმენდას ადგილობრივ მმართველობაშიც ახორციელებდა და ყველა მერი, გამგებელი და თუ საკრებულოს თავმჯდომარე უშუალოდ ღარიბაშვილის ვიზიტებით შეირჩა, რითაც სრულ პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას იღებს ხელში. საკადრიო წმენდა ამით არ სრულდება. ჩვენ კიდევ ვიხილავთ გაგრძელებას. შეგახსენებთ, რომ შს მინისტრობისას ღარიბაშვილმა სამჯერ ჩაატარა საკადრო წმენდა. იყო ბევრი გადაადგილება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის არ ეგუება ისეთ გუნდს, სადაც თუნდაც ერთი რგოლი სუსტია და ვიდრე შვეიცარიული საათის მექნიზმივით არ გამართავს სისტემას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ცვლილების მომსწრენი გავხდებით“, – წერს გამოცემა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ღარიბაშვილის განწყობა პირდაპირპროპორციულია ხალხის განწყობის, შესაბამისად, ხალხისთვის მოულოდნელი არ ყოფილა პრემერის ეს ნაბიჯი, რაც იყო დროული და ადეკვატური.
„ხოლო მათ, ვისაც აწუხებთ კითხვა, რატომ გადადგა ღარიბაშვილმა ეს ნაბიჯი არჩევნებისა და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, გიპასუხებთ, რომ პრემიერი გაბრაზებული და უკმაყოფილო იყო საკუთარი გუნდის ზოგიერთი წევრის არაეფექტური მუშაობით. ღარიბაშვილმა მინისტრებს ყველა პირობა შეუქმნა, რომ ისინი წარმატებული, ინოვაციურნი, რეფორმებსა და შედეგებზე ორიენტირებულები ყოფილიყვნენ, თუმცა მინისტრთა დიდი ნაწილი საკუთარი სავარძლის მონად იქცა და შესასრულებელი დაპირებების ტემპს ისე ჩამორჩა, როგორც ბრაზილია გერმანიას…
პრობლემა იმ მინისტრებშია, ვისაც უნახავის სინდრომი შეეყარა, ქვეყანა დაიკიდა და უსაქმურობაში აღებული პრემიების დათვლით გაერთო, აქაც საინტერესო რამ ხდება, თუკი მინისტრთა კაბინეტში რამდენიმემ უარი თქვა პრემიებზე, მათ შორის დავით სერგეენკომ, კახა კალაძემ და თეა წულუკიანმა, სხვებს რატომ დაემართათ გაუმაძღრობის სინდრომი?! თუნდაც ამერიკელების გულის „ბროშკას“, „თავისუფალი საქართველოს“ დე ფაქტო ლიდერსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, რომელმაც 80 000-ლარიანი პრემია ჩაიხუტა. რაო, ირაკლი, აფხაზეთი დავიბრუნეთ, თუ ცხინვალი ავიღეთ?… თუ გაინტერესებთ, რა ტაქტიკით იხელმძღვანელა პრემიერმა 7 მინისტრის მოხსნისას, სანდო წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ღარობაშვილი მისთვის ჩვეული ტაქტიკით მოქმედებს: ყველა მინისტრი მიუშვა ბოლომდე, მისცა თავისუფლება და … შეცდომების კასკადიც დააყენა, ბევრი გადაეშვა, თუმცა ყველას ავიწყდება, რომ ღარიბაშვილი თამაშის წესებს თვითონ ადგენს“, – წერს გაზეთი „ალია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები