კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ გიორგაძეს წარადგენს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიხეილ გიორგაძის კანდიდატურას წარადგენს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნულია. მათივე ეცნობით, მიხეილ გიორგაძეს აქვს ფართო კონტაქტები უცხოეთში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის გატანას მსოფლიო მასშტაბით და მის პოპულარიზაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.
როგორც პრესცენტრის განცხადებაშია აღნიშული, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სულ მალე ბატონი მიხეილ გიორგაძე გახდება გუნდის წევრი. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიხეილ გიორგაძე დაძლევს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს სამინისტროს წინაშე დგას და გაამართლებს ჩვენი საზოგადოების მოლოდინს.
„საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელოდება კულტურის მინისტრის კანდიდატურას, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის კულტურის სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ის სფერო, რომლითაც საქართველო უნდა წარსდგეს მსოფლიოს წინაშე. სწორედ ამიტომ, კულტურის განვითარებას ახლებური, თანამედროვე, რეფორმატორული მიდგომა სჭირდება. ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მთელი გუნდის ხედვა.
ბევრი მსჯელობის შედეგად შეირჩა ისეთი კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც დღეს კულტურის ახალი პოლიტიკისთვის არის საჭირო. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს მიხეილ გიორგაძის კანდიდატურას. იგი პროფესიით არის ეკონომისტი, დამთავრებული აქვს მენეჯმენტის ევროპული პროგრამა ბრიუსელში. საზოგადოება მას იცნობს, როგორც კულტურის სფეროს წარმატებულ მენეჯერს და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორს. იგი გახლავთ კომპანია „ისტერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი, ლონდონის ,,BPR Production“-ის ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის კონსულტანტი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი“, -აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.