“სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე” – ირანის პრეზიდენტმა რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა შეაფასა
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ახალ რეალობაში ტრადიციული მარშრუტების აღორძინება და 30 წლის შემდეგ ვაჭრობის ხელშეწყობა რეგიონს განვითარებას მოუტანს.
ამის შესახებ მან ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-15 სამიტზე, აშხაბადში თქვა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, კავკასიაში მტრობის დასასრული ნიშნავს რეგიონში სოლიდარობის ახალი პერიოდის დაწყებას – “ჩვენი საერთო მოვალეობაა, ვიმუშაოთ ამ მიმართულებით”.
“კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნების სტაბილურობას, მშვიდობასა და განვითარებას ურთიერთპატივისცემისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის შესაბამისად. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე, ხოლო საერთაშორისო წესები უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და გზას გაუხსნის რეგიონის ქვეყნების წინსვლასა და განვითარებას”, – აღნიშნა რაისიმ.
მისივე თქმით, “კავკასიის რეგიონში სტაბილურობა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ჩამოყალიბება, როგორიცაა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის საერთაშორისო დერეფნის შექმნა, დააჩქარებს სავაჭრო და ეკონომიკურ გაცვლას ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს შორის”.