“ნაციონალური მოძრაობა” “ბოინგ 777”-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ითხოვს
“ნაციონალური მოძრაობა” მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი “ბოინგ 777” თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური რეზოლუციის მიღების წინადადებით გამოვიდა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა, “ბოინგ 777”-ის ჩამოგდების ფაქტი – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რაც მსოფლიოში განიხილება.
“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რაც მსოფლიოში განიხილება. ეს განსაზღვრავს მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. ბოლო განცხადებების კვალდაკვალ, სადაც პრაქტიკულად არავის ეპარება ეჭვი, რა მოხდა, ვინ ჩამოაგდო და ასე შემდეგ, კარგი იქნება, თუ პარლამენტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – უკრაინის, ჰოლანდიის და, ზოგადად, მთელი მსოფლიოს მიმართ სოლიდარობას გამოიჩენს და განცხადებას მიიღებს. ჩვენ რეზოლუციის გამზადებულ ტექსტს არ გთავაზობთ, რადგან ეს სხვადასხვაგვარ მიდგომას გამოიწვევს. გთავაზობთ, შესაბამისმა კომიტეტმა, ან უმცირესობამ და უმრავლესობამ ერთობლივი ჯგუფი შევქმნათ და მოკლე ხანში საერთო ტექსტი შევიმუშაოთ“,- განაცხადა გიგი წერეთელმა რიგგარეშე სხდომის დაწყებისას.
გიგი წერეთლის წინადადების პასუხად სხდომის წამყვანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უმცირესობას შესთავაზა, რომ მათ ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში შესვენების გამოცხადების შემდეგ გაიმართოს, და თუკი ბიურო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, განცხადების მიღების საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში შევა.