„ფილტვის დაზიანება 23 ქულაზე იყო ასული, სკამზე გავიყინე, შიშმა ამიტანა“ – ექიმის მიერ დამალულმა სიმართლემ აკაკი ვეფხვაძე კოვიდისგან სასწაულებრივად გადაარჩინა

უძილო ღამეები, თავდადება, პაციენტებზე ზრუნვა, გამარჯვება – ამ ყველაფრის უკან გმირი ექიმები, ექთნები, სანიტრები და ის ადამიანები დგანან, რომლებიც პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ყოველწამიერად აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. ისინი რეალურად ჩვენი ქვეყნის უცნობი გმირები არიან. სწორედ ასეთი გმირობის ისტორიაზე მინდა გიამბოთ დღეს და რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფექციონისტი – ნათია შავგულიძე გაგაცნოთ, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმით, არამედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერით და ტკბილი სიტყვით  აკაკი ვეფხვაძე ფილტვების 23-ქულიანი დაზიანების მიუხედავად, რეანიმაციაში მოხვედრისგანაც კი იხსნა, ბოლოს კი, 1 თვიანი ბრძოლის შემდეგ, კოვიდზე გამარჯვებაც იზეიმა.

ამბავი აგვისტოს თვეში დაიწყო, მაშინ როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 52 წლის პაციენტი საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით და გართულებული სიმპტომებით  შეიყვანა.

ინფექციონისტი ნათია შავგულიძე: ბატონ აკაკის საკმაოდ აგრესიულ ფორმებში ჰქონდა კოვიდი გამოხატული. მოგვიანებით დაეწყო ჟანგბადის ნაკლებობა, თან სიტუაციას ისიც ართულებდა რომ, პირველ დღეებში თუ იტანდა ამ სირთულეებს, მერე ჩაერთო ემოციური ფონი. საჭირო გახდა მუშაობა იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა, ებრძოლა, ფარ-ხმალი არ დაეყარა და წამოგვყოლოდა, თუმცა მართლა არაა ადვილი იმის გააზრება, როგორ მძიმდები თანდათან, გიჭირს სუნთქვა, ფეხზე ვერ დგები. მასთან კლინიკური სიმპტომატიკა მთელი აგრესიულობით იყო გამოვლენილი. ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, შეუძლებელსაც კი, მაგრამ მდგომარეობა მაინც უარყოფითი დინამიკისკენ მიდიოდა.

კი ახასიათებს კორონავირუსს 10-12 დღე დამძიმება, მაგრამ შემდეგაც რომ გაგრძელდა ეს გაუარესება, ჩვენც ძალიან დავიძაბეთ, ერთადერთი რასაც ვცდილობდი, მთელი ძალებით, იყო ის, რომ არ გამხდარიყო საჭირო რეანიმაცია, რადგან იქ ბევრად უფრო მძიმე ფონია, როცა უყურებ პაციენტებს, ეს კიდევ უფრო გირთულებს ემოციურ ფონს, და მეშინოდა, რომ ფარ-ხმალი უფრო მეტად არ დაეყარა. თან რეანიმაციაში არც გვექნებოდა ინდივიდუალურად გამხნევების საშუალება. რამდენჯერმე გვქონდა ისეთი სიტუაცია, რომ რეანიმაციის პიკზე ვიყავით, მაგრამ ამ დროს ადგილები არ იყო და ისევ რჩებოდა პალატაში.

ამასთან, ემოციურად ვმუშაობდი აკაკიზე და სულ ვეუბნებოდი – „შენ კარგად ხარ, უკეთესი ანალიზები გაქვს, დღეს უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო“ და მართლა ცხოვრებაში პირველად, ადამიანს ვუყურებდი თვალებში და ვატყუებდი, მაშინ როცა შედეგი რეალურად ხელში არ მეჭირა. ერთ დღეს მახსოვს საკონტროლო „კატე“ დაგვჭირდა, რადგან მდგომარეობა კიდევ გაუარესდა, როცა პასუხი გავიგე, სკამზე გავიყინე, ფილტვის დაზიანება 23 ქულაზე იყო ასული. მსგავსი სირთულის პაციენტი პალატაში არ გვყოლია და ასეთები რეანიმაციაში იმართებიან. უცებ შიშმა ამიტანა, ვიფიქრე, კიდევ რომ გაუარესდეს, 23 -იანი დაზიანება სრული ანთებაა, ფილტვი არ აქვს, ფაქტობრივად, პაციენტს, მაგრამ გადაწყვეტილება უცბად მივიღე და ყველა გავაფრთხილე, რომ არ წამოსცდენოდათ ამ შედეგის შესახებ. მან ბოლო დღემდე არ იცოდა და ვეუბნებოდით, რომ ოდნავ გაუმჯობესებაც კი შეინიშნება – მეთქი.

ამ გადაწყვეტილებამ კარგად იმუშავა, შემართებამ მოიმატა და ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მასაც დიდი მადლობა გადავუხადე ამისთვის, რადგან იშვიათია პაციენტი ასე წამოგყვეს. ბოლოს, გაწერის წინა დღეს ვუთხარი – აკაკი, ხვალ გიშვებთ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მე შენ მოგატყუე და შენ ფილტვის 23 ქულიანი დაზიანება დაამარცხე -მეთქი.

– ქალბატონო ნათია, რა შეგრძნებაა, როცა ასეთი რთული მდგომარეობის შემდეგ სასურველი შედეგი დგება და პაციენტს, ფაქტობრივად, სიცოცხლეს სჩუქნით?

– ამ გამარჯვებას მოაქვს საოცარი გრძნობა და მაშინ ვხვდები, რომ სწორედ ამისთვის ვართ ხოლმე მედიცინაში, ამის შემდეგ გიჩნდება განცდა იმის, რომ უფრო მეტი შეგიძლია და უფრო მეტი ადამიანი უნდა გადაარჩინო. ჩვენთვის დაკრული ტაში, გამოხატული პატივისცემა – ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამ შინაგან გრძნობას, რაც პაციენტის გადარჩენას მოაქვს, ვერაფერი შეედრება.

გადამრჩენელს და კეთილ ფერიას უწოდებს ნათია ექიმს თავად ხარაგაულელი აკაკი ვეფხვაძე, რომელმაც კოვიდი უკვე სრულად დაამარცხა და ცხოვრების ჩვეულ რიტმსაც დაუბრუნდა. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არა ნათია ექიმი, დღეს ის ცოცხალი აღარ იქნებოდა.

საკუთარი ისტორიის მოყოლას ემოციის გარეშე ვერ ახერხებს და ყველას მოუწოდებს, კარგად გაიაზრონ პანდემიის სიმძიმე და აიცრან, რათა მისი გზის გავლა აღარავის მოუწიოს.

აკაკი ვეფხვაძე: აგვისტოში მეუღლეს ჰქონდა სიცხე და ეჭვობდა კოვიდზე, მაგრამ მე მაინც არ მჯეროდა, ვიდრე მეც არ ამიწია ტემპერატურამ და არ დამჭირდა ტესტის გაკეთება, რომელმაც ინდური შტამი დამიდასტურა. ახალი გადატანილი მქონდა ფილტვების ანთება და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. რომ მიმიყვანეს კლინიკაში, ისე მძიმედ ვიყავი, ვერც კი ვწვებოდი, ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ. რამდენიმე დღე სკამზე ვიჯექი და კარადაზე მედო თავი. შემდეგ ჩემმა ექიმმა, ნათია შავგულიძემ შემომიტანა სპეციალური ეტლი და მასში ოთხი დღე გავატარე. 4-5 დღის შემდეგ კიდევ უფრო დავმძიმდი, დამჭირდა ჟანგბადის აპარატზე შეერთება, რომელიც რეანიმაციული განყოფილებიდან, სპეციალურად ჩემთვის ჩამოიტანეს. ყოველდღე მიღებდნენ ანალიზებს, მიცვლიდნენ წამლებს და 12 დღის შემდეგ, როგორც იქნა დამეწყო გაუმჯობესება.

თავიდან ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა, უკვე ძალიან მეშინოდა, მაგრამ ნათესავმა, რომელმაც მძიმე დაავადებების მქონემ გადაიტანა კოვიდი, დამირეკა და მითხრა: „ნუ გეშინია, თავს შემოუძახე და ყველაფერი კარგად იქნებაო“. ნათია ექიმიც და ექთნებიც დღეში რამდენჯერმე შემოდიოდნენ და მეუბნებოდნენ „ნუ გეშინია, არ გაჩერდე, იმოძრავეო“ ჟანგბადის აპარატის მილიც კი დამიგრძელეს იმისთვის, რომ აქტიურად მევლო. მეც შემოვუძახე თავს და ვიბრძოდი. ბოლო დღეს გავიგე, რომ თურმე ფილტვის 23 – ქულიანი დაზიანება მქონია და არ მეუბნებოდნენ.

31 დღე ვიყავი საავადმყოფოში, ამ ხნის განმავლობაში 15 კილო დავიკელი. როდესაც გამოვედი სახლში სიარული მიჭირდა, სუსტად ვიყავი, ახლაც მიჭირს კიბეზე სიარული, მაგრამ მკურნალობა გავაგრძელე და ნელა-ნელა დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

– ბატონო აკაკი, ვაქცინირებული თუ იყავით?

– არა, ვაქცინირებული არ ვყოფილვარ, ფილტვების ანთება რომ მქონდა, მაგიტომ ვერ ავიცერი, არადა ვაპირებდი. მაგიტომ გადავიტანე ასე რთულად, თან მე აქტიურ ცხოვრებას ვეწევი, მონადირე ვარ და ფეხით ბევრს დავდივარ, ალბათ, ესეც დამეხმარა, რომ გადავრჩი. ახლა აუცილებლად ვაპირებ გავიკეთო აცრა.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებია და ჯერ ისევ ფიქრობს?

– აუცილებლად უნდა აიცრას ყველა. ჩემები ყველა აცრილები არიან, ჩემმა დამ, ორსულმა რძალმა და ჩემმა ძმამ, რომელსაც ინფარქტი აქვს გადატანილი, ისე მარტივად გადაიტანეს კოვიდი სოფელში, არანაირი გართულება არ ჰქონიათ, უბრალოდ ეზოს გარეთ არ გამოდიოდნენ. ჩემს სამეზობლოში კიდევ, ვისაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული და კოვიდი შეხვდა, უმეტესობას საავადმყოფო დასჭირდა და ძლივს გადაარჩინეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები