კახა კუჭავა: ჩვენი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდა და საპარლამენტთაშორისო კავშირი ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფორმატია

„საპარლამენტთაშორისო კავშირის ფორმატში მთავარი სასაუბრო თემებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არაღიარების პოლიტიკა, რასაც საკმაოდ წარმატებით ვახორციელებთ და ამ კუთხით ყოველწლიურად გვაქვს შედეგი მხარდამჭერი ქვეყნების სახით. ჩვენ გვსურს ამ ქვეყნების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კუჭავა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართავს და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, სადაც არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, მსოფლიოს დღის წესრიგში არსებულ არაერთ თემაზე იმსჯელებენ.

„ვისაუბრებთ ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელიც უკავშირდება როგორც პანდემიურ მდგომარეობას, ასევე ეკონომიკის კუთხით ურთიერთობების გაძლიერებას, ინვესტიციებს, ტურიზმს და ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში არსებულ სხვადასხვა საკითხებს. ორმხრივი შეხვედრების ფორმატს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საშუალება გვაქვს, პირისპირ ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე. ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას შევეხებით ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს, აუცილებელია, ვისაუბროთ იმ ზოგად გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას”,- განუცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები