კიევში 16 ნოემბერს სასამართლოს შენობასთან ჩახრილული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, 42 წლის ირაკლი მალანია საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ის 10 დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
უკრაინის პოლიციამ ფაქტზე საქართველოს მოქალაქე – გიორგი არუთინოვი დააკავა, ორ პირზე – ნოდარ ნიშნიანიძესა და ლაშა სიხარულიძეზე კი ძებნა გამოცხადდა.
მალანიას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მარცხენა ბარძაყის, მარჯვენა ფეხის, მუცლისა და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.
უკრაინული გამოცემა Detectiv-info წერდა, რომ მალანია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო და ოდესის გუბერნატორობის დროს ციხიდან სწორედ მიშამ დაიხსნა. უფრო კონკრეტულად კი, მალანიას ბრალად ედებოდა უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის ნათესავზე თავდასხმა და სანამ ავაკოვი მინისტრი იყო, მალანიას გამოშვებაზე საუბარიც კი არ მიდიოდა, თუმცა, როგორც კი ავაკოვი მოხსნეს, სააკაშვილმა მაქსიმუმი გააკეთა მალანიას ციხიდან გამოსაშვებად.