WHO/ევროპა: COVID-19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით, წელიწადზე ნაკლებ დროში ნახევარ მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისისა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის თანახმად, ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით, 60 წლის და უფროსი ასაკის 470,000 ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. -ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი ავრცელებს.

მათი განმარტებით, ეს ციფრი არ მოიცავს 60 წელზე ნაკლები ასაკის პირების რაოდენობას და არც – ინფექციის გადაცემის შემცირების წყალობით გადარჩენილი ადამიანების რიცხვს.

ევროპის რეგიონის 33 ქვეყნიდან მიღებული ყოველკვირეული ანგარიშების საფუძველზე, კვლევის ავტორებმა (WHO/ევროპა და ECDC) გამოთვალეს იმ 60 წელს გადაცილებული ადამიანების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა, გარდაცვლილიყვნენ ვაქცინის გარეშე. ამის შემდეგ გამოთვალეს COVID-19-ის ვაქცინაციით გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა, როგორც სხვაობა ამ სავარაუდო რაოდენობასა და 2020 დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით აღრიცხულ სიკვდილის რაოდენობას შორის, 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებში. ამ შეფასების მიხედვით, COVID-19-ის ვაქცინაციის წყალობით, ამ ასაკობრივ ჯგუფში 469,186 ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდა 33 ქვეყანაში – სავარაუდო სიკვდილიანობა განახევრდა.
რამდენიმე ქვეყანაში, სადაც უფრო დეტალური მონაცემები იყო ხელმისაწვდომი, გადარჩენილ ადამიანებს შორის უმეტესობა 80 წლის და ზემო ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება  (261,421 ადამიანი).

კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში 20-დან 100 პროცენტამდე მერყეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სრული დოზით აცრილი 60 და მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა. კვლევაში, ასევე, ნაჩვენებია, რომ უფრო მეტი ადამიანი გადარჩა იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ადრეულად დაიწყო და მისი გამოყენება სამიზნე ჯგუფებში მაღალი იყო. სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის შედეგები ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვინაიდან ვაქცინაცია ან ნელა წარიმართა, ანდა მიმდინარეობდა არაეფექტიანი ფარმაცევტული ინტერვენციების პარალელურად.

„COVID-19-მა ჩვენს რეგიონში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ახლა უკვე კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, როგორც პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი საშუალების, გარეშე კიდევ მეტ ადამიანს დავკარგავდით“, –  ამბობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი  ჰანს ჰენრი კლუგე.

როგორც კლუგე აღნიშნავს, ვაქცინაციის გარეშე ზოგ ქვეყანაში სიკვდილიანობა ორჯერ უფრო მაღალი იქნებოდა, შესაბამისად, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანამედროვე მეცნიერების დიდი მიღწევაა და ეს კვლევა ცხადყოფს, რომ ვაქცინა ასრულებს დანაპირებს – იცავს ადამიანის სიცოცხლეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან. ვაქცინების გარეშე ზოგ ქვეყანაში სიკვდილიანობა ორჯერ უფრო მაღალი იქნებოდა. შესაბამისად, აუცილებელია ევროპის რეგიონის წევრმა ქვეყნებმა უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ, რაც შეძლება მეტი ადამიანის აცრა, განსაკუთრებით კი – მაღალი რისკის ჯგუფებში. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ადამიანებს, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა და რაც შეიძლება მალე უნდა დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები. ამასთანავე, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა გადაცემა იყოს დაბალი, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრება შეუფერხებლად წარიმართოს“, – ამბობს კლუგე.

2019 წლის დეკემბრიდან ევროპის რეგიონის ქვეყნებში SARS-CoV-2-ით 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ამათგან, 90.2 პროცენტი  60 წლის და მეტი ასაკის იყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფი წარმოებისა და ადმინისტრირების წყალობით შესაძლებელი გახდა მილიონობით მოწყვლადი ადამიანის დაცვა დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილისგან. თუმცა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ამ ვაქცინების გამოყენების ტემპი არათანაბარია.

ECDC დირექტორი, ანდრეა ამონი აცხადებს, რომ ვაქცინაციის დაბალი ტემპი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას და მაღალ სიკვდილიანობას გამოიწვევს.

„ზოგ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ ტემპს შედეგად მოჰყვება ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და მაღალი სიკვდილიანობა. ჩვენ ქვეყნებს მოვუწოდებთ, გააუმჯობესონ იმუნიზაციის ტემპი, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად და დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.

ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია COVID-19-ის ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ და აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ დაცვა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არის მოსახლეობის ქვეჯგუფები, სადაც ვაქცინაცია უფრო დაბალია, ვიდრე ეს სასურველია. ასაკოვანი  მოსახლეობის ვაქცინაცია გადაუდებელი პრიორიტეტი უნდა იყოს, რათა შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს“,- აცხადებს ანდრეა ამონი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის განცხადებით, ვაქცინაცია აუცილებელია სხვა პრევენციულ ზომებთან ერთად. ვაქცინაცია ერთ-ერთია იმ პრევენციულ საშუალებებს შორის, რომლებიც აუცილებელია პანდემიის შესაჩერებლად, თუმცა ის, ცალკე აღებული, ვერ დაასრულებს ჯანდაცვის სექტორის ამ კრიზისს. ვირუსის გადაცემის შეზღუდვისთვის საჭიროა სხვა ზომების მიღებაც, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საზოგადოებრივი ცხოვრება, შემცირდეს ზეწოლა ისედაც უკვე გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემაზე და რაც მთავარია – ჯანდაცვის მუშაკებზე, რომლებიც ხშირად 18 საათზე მეტ ხანს მუშაობენ პანდემიასთან საბრძოლველად.

 

ჰანს კლუგე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ეფექტიანი საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების დაცვა, მაგალითად, უფასო ტესტირება.
„უპირველეს ყოვლისა – აიცერით. ვაქცინაცია ყველა ასაკობრივი ჯგუფის სიცოცხლეს იცავს.
ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი ვრცელდება დახურულ, ხალხმრავალ და შეზღუდულ
ადგილებში. ამიტომაც, აუცილებელია ზომების დაცვა, რათა შევამციროთ გადაცემა, განსაკუთრებით ახლა, როცა, ზამთრის დადგომასთან ერთად, უფრო მეტ დროს ვატარებთ შიდა სივრცეებში“.
დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში ატარეთ პირბადე; დაცემინებისა თუ ხველების დროს დაიფარეთ პირი; სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას დაიცავით ფიზიკური დისტანცია და რეგულარულად დაიბანეთ ხელები. ასევე, აუცილებელია კარგი ვენტილაცია, ამიტომ გამოაღეთ ფანჯრები,  კარი და შემოუშვით სუფთა ჰაერი.

აუცილებელია, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ამ ზომების დაცვას და ეს
ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი და სხვების დასაცავად, მაშინაც კი, როცა სრულად ვართ ვაქცინირებული, ვინაიდან ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოფხვრავს ვირუსის გადაცემას.
ამ ქმედებების ჩვეულებად ქცევით ყველა ერთად შევძლებთ ინფექციის შეჩერებას და ვირუსის გავრცელებას. როგორც ავტომანქანაში ჩაჯდომისას ვიკრავთ უსაფრთხოების ღვედს, ისევე უნდა ვიფიქროთ ხელების დაბანაზე, პირბადის ტარებაზე ან დისტანციის დაცვაზე, რათა დავიცვათ თავი ინფექციისგან.
სანამ პანდემია დასრულდება, ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ეფექტიანი საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ზომების დაცვა, მაგალითად, უფასო ტესტირება, კონტაქტების მოძიება გადაცემის ჯაჭვის შესამცირებლად, ასევე დაუყოვნებლივ კომუნიკაცია პრიორიტეტული ჯგუფების იმ წარმომადგენლებთან, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებიათ სრული ვაქცინაცია”,- ამბობს ჰანს კლუგე.

წყარო: კვლევა ინგლისურ ენაზე –https://www.eurosurveillance.org/content/10.2807/1560-7917.ES.2021.26.47.2101021?bclid=IwAR3LnOW4S7dApbZXzy2zG23UfMx1BVRzAjrlILWSWXWwqBqbCkMXCLOaVeE

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები