თბილისის მერია მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონებას აგრძელებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.

„დღეს სამგორის რაიონში 30 ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. ეს არის დაკანონების პროგრამა, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ 2017 წლიდან, როდესაც არჩევნები მოვიგეთ. უკვე 2500-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ძალიან კარგია. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს და პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ამხელა სიხარულს ვხედავ მათ სახეზე. ასევე, მინდა, მივმართო ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს: აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში წარსადგენ საბუთებთან დაკავშირებით, რათა მთავრობის სხდომაზე მოხდეს დამტკიცება და საცხოვრებელი ფართების გადმოცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა უკვე დაკმაყოფილებული განცხადებებისა, თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მოწმობების გადაცემის ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სარდიონ ბურდულაძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები