მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” საგარეო საქმეთა მინისტრთა მეხუთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი თავმჯდომარეობდა. მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა.
მინისტერიალს ესწრებოდნენ ასევე ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. საქართველოს საგარეო უწყების პრესცენტრის ცნობით, საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მისი ეფექტური იმპლიმენტაციის საკითხებზე.
მინისტმა აღნიშნა, რომ საქართველო 1 სექტემბრიდან იწყებს შეთანხმების ამოქმედებას. მინისტრმა გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე მზაობა ასოცირების შესახებ შეთანხმებების ეფექტური განხორციელებისა და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე კონკრეტული შედეგების წარმოჩენისათვის. გარდა ამისა, ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშნველოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მინისტერიალზე ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან აღნიშული შეთანხმებების რატიფიკაციის პროცესის დროულად წარმართვის აუცილებლობას. მონაწილეებმა იმსჯელეს 2015 წლის მაისში რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის განსახორციელებელ კონკრეტულ გეგმებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები