თელ-ავივის აეროპორტში ქართული დელეგაციის წევრები განგაშის გამო თავშესაფარში გადაიყვანეს
თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტზე “ჰამასმა” გუშინ სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადა, რის გამოც აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, აეროპორტში ქართველი ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე სხვა მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.
ქართველი ჟურნალისტების ინფორმაციით, სპეციალური თავშესაფრის დატოვების უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც სარაკეტო დარტყმის განხორციელების საფრთხემ ჩაიარა. ამ დროისთვის ქართული მედიის წარმომადგენლები იერუსალიმში იმყოფებიან. ქართველი ჟურნალისტები ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის გასაშუქებლად ჩავიდნენ. თელ-ავივში საქართველოდან რეისი, რომლითაც ქვეყანაში დავით უსუფაშვილი ჩავიდა, განგაშის გამოცხადებამდე დაჯდა.