გუგა ბესელია – „ლუდომანიის პრობლემა დაავადების ჭრილში უნდა განვიხილოთ, სათამაშო ბიზნესი გონივრულად უნდა დარეგულირდეს“

“ზოგადად, ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის დარეგულირების შესახებ საუბარი მიდის, ძალიან კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რას გულისხმობენ, კონკრეტულად რა ასაკობრივ ზღვარზეა საუბარი, ასევე ის, თუ როგორი იქნება აღსრულების ნაწილი”, – ამის შესახებ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბესელია ონლაინკაზინოების რეგულირების საკითხის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ლუდომანია დაავადებაა. როგორც ბესელიამ განაცხადა, ეს პრობლემა დაავადების ჭრილში უნდა განვიხილოთ.

„ის, რომ რაღაც ცვლილებებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, თუ რა ცვლილებებზე იქნება საუბარი. დაანონსებული რაც არის: ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე უნდა აიწიოს, რეკლამა უნდა აიკრძალოს და გადასახადები გაიზარდოს. მეორე ეტაპზე საერთოდ სათამაშო ბიზნესი უნდა გაუქმდეს. მეორე ნაწილი აბსოლუტური კომედიაა იმიტომ, რომ ადიქციასთან დაკავშირებით მიდგომები არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ ადიქცია სოციალურ პრობლემებს შობს. გამომწვევი მიზეზი სოციალური პრობლემები არ არის. სოციალური პრობლემები ადიქციის შედეგია. ვგულისმობ იმას, რომ ლუდომანია დაავადებაა. ეს პრობლემა დაავადების ჭრილში უნდა განვიხილოთ და არა – სოცილური პრობლემის ჭრილში. იმ სოციალურ პრობლემებს, რომელზეც ვლაპარაკობთ, სწორედ დაავადება ქმნის. შესაბამისად, ის ქცევა, რომელიც ყველა თამაშდამოკიდებულს აქვს, არსად წავა, უბრალოდ, ქაღალდზე გვექნება, რომ სათამაშო ბიზნესი არ არსებობს. საბოლოოდ, აკრძალვით არაფერს მივიღებთ, გარდა – უარესი საქართველოსი. ადიქციური ქცევა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ როცა თამაშდამოკიდებულს კვების მთავარ ობიექტს გადაუჭრი და სათამაშო ბიზნესთან ლეგალურად წვდომას აღარ მისცემ, ის სხვა, განსხვავებულ, ბევრად კრიმინალურ და ბევრად მძიმე გზას აუცილებლად ნახავს“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესი გონივრულად უნდა დარეგულირდეს და „არა – რაღაც ემოციებით, შეძახილებით, რომ ვიღუპებით“.

„ახლა ონლაინის მიმართულებით ასაკობრივი ზღვარი 18 წელია, სახმელეთო ტიპის სამორინეების მიმართულებით კი – 21. გასაგებია, რომ ეს გასათანაბრებელია, მაგრამ ეს 25 საიდან მოვიდა, ჩემთვის გაუგებარია. რას ვუშვრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც დამოკიდებულება, ლუდომანიის სახით, ქცევითითი აშლილობა აქვთ? 23, 24 წლის ადამიანებს რას ვუშვრებით? რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამებს ვთავაზობთ? არ ვთავაზობთ. უბრალოდ, ვეუბნებით, რომ არ ითამაშონ. თუ არ ითამაშებენ, მათ, რეალურად, ორი გზა აქვთ: ერთი არის იატაკქვეშეთი, რომელიც კრიმინალური გზაა და, საბოლოოდ, ქვეყანაში ბევრად უფრო კრიმინალურ გარემოს მივიღებთ, მეორე კი გლობალური ბაზარია. რას ვუზამთ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ონლაინებს, იმათაც დავხურავთ?

სათამაშო ბიზნესი გონივრულად უნდა დარეგულირდეს და არა – რაღაც ემოციებით, შეძახილებით, რომ ვიღუპებით. არ არსებობს არანაირი კვლევა, რის საფუძველზეც ამ ყველაფრის რეგულაცია ხდება.
კარგია, რომ ამ თემაზე ვლაპარაკობთ. ძალიან მიხარია, რომ ეს თემა საერთოდ დაიძრა, რადგან ამ საუბარში შეიძლება, რაღაც ჭეშმარიტება დავიჭიროთ.

მეორე ნაწილი აღსრულების ნაწილია. როცა ვამბობთ, რომ რეკლამა უნდა აიკრძალოს, ამ მოთხოვნას და რეგულაციის ამ ნაწილს აბსოლუტურად ვეთანხმები. კი ბატონო, აიკრძალოს, მაგრამ აღსრულების ნაწილიც ძალიან საინტერესოა. როგორ უნდა აიკრძალოს?კი ბატონო, ტელევიზიებს ავუკრძლავათ, აქ ისიც გასარკვევია, სატელევიზიო რეკლამა რამდენად მასშტაბურია, ამ მიმართულებით ინტერნეტში ხომ არაა უფრო დიდი ნაღმი? ესეც კვლევის საგანი უნდა იყოს. ისიც საინტერესოა, როგორ ვზღუდავთ ინტერნეტში რეკლამას? ასევე მნიშვნელოვანია, თუ კანონი დაირღვა, რას ვშვრებით? თუ სათამაშო ბიზნესს რეკლამა ავუკრძალეთ და მან ინტერნეტში რეკლამა ისევ გააკეთა, ჩვენ ჯარიმა, ვთქვათ, 1000 ლარის ოდენობით დავუწერეთ, ის რეკლამის კეთებას მაინც გააგრძელებს. ჯერჯერობით, ბუნდოვანია ის სქემა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესი უნდა დარეგულირდეს. დაველოდოთ მოვლენებს.
ზოგადად, ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის დარეგულირების შესახებ საუბარი მიდის, ძალიან კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რას გულისხმობენ, კონკრტულად რა ასაკობრივ ზღვარზეა საუბარი, ასევე ის, თუ როგორი იქნება აღსრულების ნაწილი.

ასაკობრივ ზღვარს რაც შეეხება, როცა ვამბობთ, რომ 25 წლამდე ადამიანებმა არ უნდა ითამაშონ, დღეს კანონში გვიწერია, რომ 18 წლამდე არ უნდა ითამაშონ, მაგრამ ეს რელაურად არ მუშაობს. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა. დაახლოებით, 10 დღეში ახალი კვლევის შედეგებიც დაიდება. წინა კვლევის შედეგების მიხედვით, აზარტულ თამაშებთან შემხებლობა 48 %-ს აქვს, ვგულისხმობ 14-დან 18 წლამდე მოზარდების ფოსკუჯგუფს. რა გამოდის – კანონი არის, მაგრამ არ მუშაობს“, – განაცხადა გუგა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ონლაინკაზინოების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„სათამაშო ბიზნესის და ონლაინკაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს ძალიან აწუხებს. 1,5 მილიარდი ლარი ონლაინკაზინოების მეშვეობით გაედინება ქვეყნიდან. ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინკაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. მე ამაზე საუბარი მქონდა ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან. ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა. ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოების მფლობელებისათვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და, საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში – 1,5 მილიარდი ლარი. აქედან დიდი ნაწილი – 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.

პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მე მზად ვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერა იქნება. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები