ივანე ჩხაიძე: საქართველოში 60 წლის ზემოთ 500 000 ადამიანია აუცრელი, მათი ინფიცირების შემთხვევაში, ლეტალობის მაჩვენებელი 14%-ია
“საქართველოში 60 წელს გადაცილებულ პირებს შორის აცრილი მხოლოდ 29%-ია. 60-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ლეტალობის მაჩვენებელი კი 14 %-ს აღემატება, იმ ფონზე, როდესაც 35-იდან 55 წლამდე სიკვდილიანობის ნიშნული 4%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს მაქსიმალურად მიეწოდოთ ინფორმაცია ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.
„ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამ ასაკობრივ ჯგუფში ყოველი 100 ინფიცირებულიდან 14 ლეტალური გამოსავლით მთავრდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციაზე უნდა გაკეთდეს. დღეისთვის საქართველოში 60 წლის ზემოთ 500 000 ადამიანია ვაქცინაციის გარეშე. ესაა ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელთა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაშიც, ლეტალობის მაჩვენებელი მართლაც ძალიან მაღალი, 14%-ია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინფორმაციის მიწოდებით“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.