„არ შეიძლება თანამდებობის პირი ასტრონომიული მაჩვენებლის პრემიას იღებდეს“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალი ინიციატივით შევა, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში პრემიების გაცემის წესს უკავშირდება. ცვლილების მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიები აღარ გაიცემა. ხიდაშელის თქმით, არ შეიძლება თანამდებობის პირი ასტრონომიული მაჩვენებლის პრემიას იღებდეს, კანონი კი სწორედ ამას დაარეგულირებს.
,,პირველ რიგში, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის აიკრძალება რაიმე პრემიის, ან დანამატის მიღება, ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც გამგებლები, საკრებულოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის წევრები არიან. პრემია არ გაიცემა პარლამენტის მიერ არჩეულ პირებზეც. დაახლოებით იგივე სქემით წავალთ, რაც არის მთავრობის გადაწყვეტილებაში. არ შეიძლება ადამიანი პრემიას იღებდეს ყოველდღე, ყოველ კვირა და ყოველთვე. ეს არ არის პრემია და ვის ვატყუებთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში.