გიორგი ცუცქირიძე: დღეს ჩვენ გვაქვს არათუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა
“ადრეც აღმინიშნავს, რომ კვალიფიციურ და კონკურენტულ შრომის ბაზარს, ეკონომიკურ ზრდაზე წამყვანი როლიც კი ენიჭება, როგორც საშუალო და მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვის, ისე სამუშაო ადგილების შექმნის და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით.
ამასთან, არსებული სოციალური პროგრამები მოძველებული იყო და ერთგვარ ხელისშემშლელ ფაქტორადაც გვევლინებოდა, კონკურენტული სამუშაო ძალის ფორმირებაში, იქმნებოდა სერიოზული დეფიციტი თვით ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზეც კი, რაც ქმნიდა სერიოზულ პრობლემებს ინვესტორებთანაც და საბოლოოდ ისევ ბიზნესგარემოზე აისახებოდა ნეგატიურად”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დღეს საქართველოს არათუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.
“დღეს ჩვენ გვაქვს არათუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველი 9 თვის განმავლობაში ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლასთან და ეკონომიკის წინაპანდემიურ დონემდე აღდგენასთან ერთად, შემდგომი ზრდის კარგ პერსპექტივებს ქმნის.
მაგრამ გამოცდილებამ ისიც გვიჩვენა, რომ საჭიროა სოციალური პროგრამების იმგვარად დაკორექტირება, რამაც შრომისუნარიან მოქალაქეებში მუშაობის მოტივაციის არა დაქვეითება, არამედ წახალისება გამოიწვიოს.
მთლიანად გასაზიარებელია პრემიერ ღარიბაშვილის ხედვა, რომელიც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა სოციალური პოლიტიკის ახალ მიდგომებთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობაა, რომ არსებულმა სოციალურმა პოლიტიკამ შრომისუნარიანი მოსახლეობა შეაჩვია უმუშევრობით პარაზიტირებას, სიღარიბეს და უმოქმედობას. დღეს, შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს მუშაობა იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება.
სწორედ ამიტომ, სოციალური პოლიტიკის ოპტიმიზაცია იმგვარად მოხდება, რომ წახალისდეს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანების მოტივაცია, რომ დასაქმდნენ და დამატებითი შემოსავლები მიღონ.
გარდა იმისა, რომ არ გამოიწვევს სოციალურად დაუცველის სტატუსის დაკარგვას, 300 000-ზე მეტ მოქალაქეს ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობას, სხვადასხვა მოთხოვნადი სპეციალობების მიხედვით, მათი პროფესიულ სასწავლებლებში გადამზადებით.
მთავრობის ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაში სოცდაუცველების
შემწეობაზე პარაზიტირების დასრულებასთან ერთად,
ასევე ძალზე მნიშვნელოვანია კიდევ ორი გადაწყვეტილება,
ონ ლაინ კაზინოების და მზარდ სააფთიაქო ნარკომანიაზე დასაწესებელი ახალი რეგულაციები, რამაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებასთან ერთად, რაც წლიურად 1.5 მილიარდ დოლარამდეა, არანაკლები სოციალური პრობლემის ფსიქოტროპული წამლების გაყიდვაზე მკაცრი კონტროლი და ფასწარმოქმნაც უნდა დაარეგულიროს.
საერთო ჯამში, მთავრობის ახალი ინიციატივები ეკონომიკური აქტივობის რეგიონებში გადატანასთან ერთად, დემოგრაფიული საკითხის დარეგულირებას და მდგრადი ზრდის სტიმულირებას უზრუნველყოფს”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.