ლევან დავითაშვილი: პრემიერის ინიციატივა გულისხმობს შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რათა მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს
„პრემიერის ახალი ინიციატივის მეშვეობით, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სოციალური საკითხის გაუმჯობესებას შევძლებთ. ეს არის ის საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა, რომელიც ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ წარმატებით განახორციელა“, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ჩართულები იქნებიან ჯანდაცვის სამინიტრო, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„წლის ბოლოსთვის, ჩვენ გვექნება ისეთი მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უპასუხებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრის ინიციატივა გულისხმობს შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რათა მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
„წლის ბოლოსთვის გვექნება მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ნამდვილად უპასუხებს. მინდა, განვმარტო, რომ ინიციატივა, რომელიც პრემიერმინისტრმა გააჟღერა, გულისხმობს იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რომლითაც მოსახლეობის სოციალური პირობები უნდა გაუმჯობესდეს. გაჩნდა კითხვა, რამდენად შეიძლება, ეს იყოს სოციალური დახმარების ალტერნატივა. ჩვენ ვამბობთ, რომ, დღეისთვის, ადამიანებს, რომლებიც შემოსავალს იღებენ ამ სტატუსით, შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, მუშაობასთან ერთად, მათი კვალიფიკაციაც უნდა ამაღლდეს, უნდა გააქტიურდნენ შრომისუნარიანი ადამიანები. ჩვენ, დაახლოებით, 200-250 ათასი ასეთი ადამიანი გვყავს. ამაზე არსებობს დეტალური ინფორმაცია იმის მიხედვით, თუ როგორია სოციალური დახმარების მიმღები შრომისუნარიანი მოსახლეობის სტრუქტურა, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და რეგიონში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად, ერთობლივი ძალებით, ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ამას სჭირდება საზოგადოების ყველა იმ წევრის ჩართულობა, რომელსაც ძალა შესწევს, რომ აკეთოს საქმე ქვეყნის ასაშენებლად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცეპრემიერის თქმით, ინიციატივა ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის გასავითარებლად, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა სფეროში კადრების დეფიციტია.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განსავითარებლად. ჩვენ დავინახეთ, რომ ბევრ სამუშაო ადგილზე დეფიციტი იყო. ეს ეხება კერძო სექტორსაც – სოფლის მეურნეობა იქნება ეს, გადამამუშავებელი მრეწველობა, სამშენებლო სექტორი თუ სხვა. ამ ინიციატივის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც, რადგან, მუნიციპალიტეტის დონეზე, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. მაგალითად, ეს უკავშირდება ჩვენი ბუნების მოვლას, ჩვენი ქვეყნის უფრო სუფთად შესანახად… მათ შორის, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებითაც – ტყის, დაცული ტერიტორიების უკეთ მოვლას და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გარკვეული კვალიფიკაცია უნდა მივცეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, სახელმწიფომ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს. მისი თქმით, ქვეყანაში, დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია.