„პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა დემოკრატიისთვის სასარგებლოა“
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული ურთიერთობა ქართული დემოკრატიისთვის სასარგებლოა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ბარიერში” აღნიშნა, ის თავს მმართველ გუნდთან დაპირისპირებულად არ გრძნობს.
“თუ ქართული დემოკრატია ისევე მონოლითურად იქნება კონსოლიდირებული, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ვექტორს შექმნის და, შესაბამისად, რომელიმე პოლიტიკური ძალა ისე გაძლიერდება, რომ სხვა პოლიტიკური ძალები წარმოდგენილი იქნებიან ისე, როგორც ავტორიტარულ სისტემებში გვინახავს – მაკიაჟის ფორმით, ხოლო ამას ხელს შეუწყობს პრეზიდენტის სიახლოვე მმართველ კოალიციასთან, ვფიქრობ, ეს ქართული დემოკრატიისთვის ცუდი იქნება. ასეთი იყო პოზიცია მაშინაც, როცა ჩემი კანდიდატურა ყალიბდებოდა. ამაზე ვსაუბრობდით კოალიციაში. ეს პოზიცია ჰქონდა ბიძინას, პოლტსაბჭოს წევრებს – ყველას. აქცენტირებული იყო სწორედ ეს და მე ვიყავი ადამიანი, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ იყო. შესაბამისად, ეს მაშინაც დემოკრატიული და ევროპული მმართველობის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება იყო. ეს არჩევანი შენარჩუნებულია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ როგორც მოქალაქემ, ადგილობრივი არჩევნების ორივე ტურში მხარი კოალიცია “ქართულ ოცნებას” დაუჭირა.