“როცა მინისტრების 1/3 იცვლება, პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ როლს თამაშობს”
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების პროცესში, როცა მინისტრების 1/3 იცვლება, პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ როლს თამაშობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ბარიერში” სტუმრობისას ისაუბრა.
“პრეზიდენტი ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რადგან როგორც კონსტიტუციაში წერია, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემის გარანტი და, შესაბამისად, ის არის მედიატორი, ბალანსის დამცველი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის. პარლამენტი არის ორგანო, რომელიც აყალიბებს მთავრობას. პარლამენტმა შარშან ნდობა გამოხატა 20 მინისტრის და პრემიერ-მინისტრის მიმართ. კონსტიტუციის მიხედვით, თუ შვიდი მინისტრი იცვლება და ჩვენს შემთხვევაში შეცვლილია რვა მინისტრი, ისმება კითხვა, ეს ნდობა შენარჩულებულია?! მინისტრები ისევ სარგებლობენ იმ ნდობით, რაც მათ პარლამენტმა მისცა?! ვინ უნდა დასვას ეს კითხვის ნიშანი?! – პრეზიდენტმა. პრეზიდენტი, რომელიც არის ბალანსის დამცველი, ხედავს რა, რომ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრთა 1/3-ზე მეტი შეცვალა, ამ კითხვით პარლამენტს მიმართავს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მის გუშინდელ ბრიფინგს ჰქონდა არა უბრალო იურიდიული კონტექსტი, არამედ პოლიტიკური დატვირთვა და მინისტრების შეცვლით შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკური განმარტება სწორედ მას უნდა გაეკეთებინა. “ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალ რეალობაში საზოგადოებისთვის მეთქვა, რა, როგორ ხდება. ეს რომ ყოფილიყო იურიდიული კონტექსტი, შეიძლება განმარტება სხვას გაეკეთებინა, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური რელობის ახსნა ჩვენი საზოგადოებისთვის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.