მამუკა ხერხეულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა

მწერალი მამუკა ხერხეულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის საავადმყოფოშია მოთავსებული, – ამის შესახებ „კვირას“ მამუკა ხერხეულიძის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოპერაცია ფეხზე ხელმეორედ ჩაუტარდა და ამჟამად ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. ადვოკატი, ოჯახის ინტერსებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს თუ რომელ საავადმყოფოში მკურნალობს ხერხეულიძე.„მამუკა ხერხეულიძეს ნაოპერაციები გაურთულდა. იმის გამო, რომ ფეხზე გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა და ძვალი იყო დაზიანებული, შეხორცების დროს მდგომარეობა გართულდა. მას მეორე ოპერაცია დასჭირდა. რომელ კლინიკაში მკურნალობს იგი ვერ გაგიმხელთ, რადგან ოჯახი ამის წინააღმდეგია. საგამოძიებო მოქმედებები დროებით შეჩერებულია. გამოძიება ჰუმანურად გვექცევა, ჩვენ არავის ვემალებით, როგორც კი მამუკა ხერხეულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება“, – აცხადებს ადვოკატი.
როგორც „კვირას“ შოთა მანელიძემ განუცხადა, მასსა და მამუკა ხერხეულიძეს მომხდარის შესახებ ხშირად უსაუბრიათ და მისი კლიენტი დანაშაულის პოლიტიკურ საფუძვლებს გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ მწერალი მამუკა ხერხეულიძე 2013 წლის 4 მაისს პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეში“ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს დაზარალებულს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწარაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
შს სამინისტროს განცხადებით, 20 მაისს ხერხეულიძის დაჭრის ფაქტზე გიორგი ნ. დააკავეს, რომელსაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდება წაუყენეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მამუკა ხ-ს შემთხვევის დროს თან ჰქონდა მის სახელზე შეძენა-შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა. სამართალდამცველებმა მამუკა ხ-ს სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები