მეგის ქარდავამ პატიმრის წამების ეპიზოდზე მოპოვებულ ვიდეომტკიცებულებებზე გამოძიების კითხვებს არ უპასუხა
პატიმრის წამების ეპიზოდზე მოპოვებულ ვიდეომტკიცებულებებზე მეგის ქარდავამ საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხი არ გასცა. ამის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა.
როგორც პროკურორი განმარტავს, თუკი მეგის ქარდავას რამესთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს, შეუძლია აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს.
ამასთან, მისივე თქმით, მოპოვებული ვიდეოკადრების ავთენურობასთან დაკავშირებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული.
“არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა, საგამოძიებო ოთახი დატოვა და მისი პოზიცია ადვოკატმა გადმოგვცა. როგორც ჩანს, ამ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მას საერთოდ არ სურს საუბარი და პოზიციის დაფიქსირება. თუ რამე საკითხთან დაკავშირებით მას პრეტენზია აქვს, შეუძლია გამოხატოს მისი პოზიცია, თუ შინაარსთან დაკავშირებით რამე პოზიცია ჰქონდა, ბუნებრივია, უნდა ეთქვა”, – განაცხადა კოტრიკაძემ.