რელიგიების უდიდესი ნაწილი აცრების მომხრეა – რა არგუმენტები აქვთ დენომინაციებს, რომლებიც ვაქცინაციას კრძალავენ
რელიგიური მიზეზით კოვიდსაწინააღმდეგო აცრაზე უარის თქმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იქცა გამოწვევად. მორწმუნეების ნაწილს მოჰყავს ციტატები ბიბლიიდან, რომლებიც, მათი მტკიცებით, ანტივაქსერულ განწყობებს ამყარებს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ არცერთი ძირითადი რელიგია აცრის წინააღმდეგი არ არის. ვაქცინაციაზე უარს ამბობს, დაახლოებით, 6 ქრისტიანული ორგანიზაცია, მათ შორის ნიდერლანდების რეფორმისტული კონგრეგაცია და პირველშობილის ეკლესია. აღნიშნული დენომინაციები ყველა აცრის წინააღმდეგ გამოდიან და მიიჩნევენ, რომ იმუნიზაცია ღვთიურ განგებას ეწინააღმდეგება, თუმცა ამავე ეკლესიების მრევლის ნაწილი აცრებს იღებს, როგორც ღმერთის საჩუქარს და, მოწოდების მიუხედავად, ვაქცინაციას იტარებს.
რელიგიური ნიშნით ვაქცინაციაზე უარის თქმას გამოეხმაურა
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც. ენტონი ფაუჩის თქმით, წლების წინ ადამიანები წითელას აცრაზეც ამბობდნენ უარს და მიზეზად რელიგიური შეხედულებები მოჰყავდათ, თუმცა რეალურად, ვაქცინაციას, მსოფლიოში არსებული უამრავი რელიგიიდან მხოლოდ რამენიმე გმობს.
ვანდერბილტის უნივერსიტეტის ინფორმაციით, აცრების წინააღმდეგი არ არის ბუდიზმი. ვაქცინაციისკენ მორწმუნეებს დალაი ლამამ მოუწოდა და საკუთარი აცრით მისცა მათ აგალითი.
აცრების საწინააღმდეგო პოზიცია არ აქვს არც ინდუიზმს.
იუდაიზმი მხარს უჭერს ვაქცინაციას, როგორც ჯანმრთელობის შენარჩუნების გზას, და მიიჩნევენ, რომ მშობლების პასუხისმგებლობაა, შვილები დაიცვან სამომავლოდ ინფექციებისგან.
ვაქცინაციაზე უარს არ ამბობს არც ისლამი, სხვა რელიგიური ლიდერების მსგავსად, საჯაროდ აიცრნენ მუსლიმი სასულიერო იერარქებიც.