ნიდერლანდებში პოლიციასა და ახალი კოვიდრეგულაციების მოწინააღმდეგე მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა
ნიდერლანდებში პოლიციის დანაყოფებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს მას შემდეგ, რაც ქალაქ როტერდამში კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. პოლიციას გამაფრთხილებელი გასროლაც კი დასჭირდა აგრესიული მოქალაქეების შესაჩერებლად.
შეტაკებებისას სულ მცირე ორი პირი დაზიანდა. პოლიციის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ დანაყოფები იძულებულები გახდნენ, გამაფრთხილებელი გასროლა მოეხდინათ დემონსტრანტების მიმართ, რადგან „სამართალდამცველების უსაფრთხოება რეალური რისკის ქვეშ აღმოჩნდა“.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს, რის საპასუხოდაც პოლიციამ აქცია წყლის ჭავლით დაშალა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გასული კვირიდან ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა დაწესებულება, მათ შორის კვებითი ობიექტები, სპორტდარბაზები, საგამოფენო სივრცეები, თეატრები, კინოთეატრები, სილამაზის ცენტრები და სხვ. ნახევარი დღე იმუშავებს და საღამოს დაიკეტება.
შობამდე ერთი თვით ადრე ქვეყანამ ასევე აკრძალა პიროტექნიკის გამოყენება, რაც მოქალაქეებმა გამკაცრებულ კოვიდრეგულაციებთან ერთად გააპროტესტეს.
წყარო: https://www.bbc.com/news/world-europe-59355950