„სწორედ ამ სულიერ ერთიანობას ჰქვია საქართველო” – ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღე

ისეთი მძიმე ჟამი უდგას საქართველოს, რომ ამ დღეებში ჩვენი ყველაზე სასახელო ადამიანების გახსენებას და პატივმიგებასაც ვერ ვახერხებთ. გუშინ ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისთავი შესრულდა, დღეს კი 60 წლისა გახდებოდა ირაკლი ჩარკვიანი.
მართალია, ჩვენ მათთვის ვერ მოვიცალეთ, მაგრამ ეს დიადი და მარადმდევი სულები თავს არასოდეს გვანებებენ, თავიანთი სულის დუღილით მუდამ გვერდით გვეგულებიან და მარადიულ ღირებულებებზე გვაფიქრებენ.
დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა და არ შემიძლია, უტყვად ვიყო, ის იქცა თავისუფალი სულის სიმბოლოდ და თუკი ამ ქვეყანას მომავალი უწერია, მისი მნიშვნელობა გაცილებით გაიზრდება. განა მისმა სიმღერამ არ გვამცნო, რომ შებორკილმა საქართველომ უნდა აჯობოს საკუთარ თავს და გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი?!
ეპოქის კვანძის შეკვრა მას ებოძა საქართველოში და მან ეს მისია წარმატებით შეასრულა.
მე მქონდა შესაძლებლობა, მირზაშვილების ოჯახში შევხვედროდი და გამეცნო აწ უკვე ლეგენდად ქცეული კაცი. გია მირზაშვილის მეგობარი იყო ირაკლი და არაერთხელ სტუმრებია მათ სტუმართმოყვარე სახლს ქიაჩელის ქუჩაზე. ის მართლაც განსაკუთრებლი იყო ყველაფერში, საკუთარი თავის ფასი ზედმიწევნით კარგად უწყოდა და ერჩია, მარტოობაში ჩაძირულიყო… მას ერთი შეხედვით ბევრი მეგობარი ერტყა გარშემო, მაგრამ, ჩემი აზრით, ის თავის მარტოობაში გაცილებით ბედნიერი იყო!
დღეს, როცა მას 60 წელი შეუსრულდა, ხელში ავიღე მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემული ავტორომანი „მშვიდი ცურვა”, რომელსაც ხშირად ჩავხედავ ხოლმე, რადგან იქ ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი წარმომადგენლის დაკვირვებები მეგულება ცხოვრებასა და ადამიანებზე… ერთი მონაკვეთი ამ წიგნიდან (გვ. 58-59) ძალიან მიესდგება იმ განწყობას, რაც დღეს დაუფლებია მრავალი მოფიქრალი ქართველის გულს. ამ ციტატით მინდა შევეხმიანო უჩუმრად ჩავლილ მის იუბილეს:
„დღეს ისეთი კარგი ამინდი იყო, რომ ჩემი დიდი ბაბუის, მოსე თოიძის მუზეუმი მოვინახულე, ბებიაჩემის პორტრეტი და ის ნივთები ვნახე, რომლებიც სადღაც შორს, ჩემს ქვეცნობიერში ტივტივებენ, მხოლოდ მათთან მიახლოებას თბილისის ცენტრში, ლაღიძის წყლებთან მისვლა, აღმართის ავლა და მესამე სართულზე ასვლა დასჭირდა, მოკლედ, არც ისე შორს ყოფილა ის, რაც კატასტროფულად არის მიმალული ჩემს სულში. ამ საგნების წვდომა რეალურად ძალიან იოლია, უბრალოდ უნდა მიხვიდე შენი დიდი ბაბუის მუზეუში და შენ ყველას შეხვდები, იმ სკამზე დაჯდები, სადაც ის იჯდა, როცა ქართული სამხატვრო აკადემიის დაარსებაზე ფიქრობდა, მოკლედ, ჩვენ ერთად ვართ ყველა, ბაბუებო და ბებიებო, ახლა უფრო ერთად ვართ, ვიდრე მაშინ, როცა მართლა ერთად ვიყავით, რამდენადაც უფრო ვშორდებით ერთმანეთს ფიზიკურად, უფრო მეტად ვუახლოვდებით სულიერად და ეს სასიამოვნოა, რადგან სწორედ ამ სულიერ ერთიანობას ჰქვია საქართველო და არა მხოლოდ იმ დაქუცმაცებულ ტერიტორიას, რომელსაც ვიცავთ საუკუნეების განმავლობაში, ვცდილობთ გავაერთიანოთ, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოგვდის და ნერვიულობად არ ღირს, რადგან მთავარია, ერთად ვიყოთ სულიერად და არ დავკარგოთ ერთმანეთი, ანუ ჩვენი უჩინარი სიყვარული, რომელსაც ჭეშმარიტი საქართველო ჰქვია”…

      გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები