ელგუჯა ხოკრიშვილი: ძალიან ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი

გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, უწყებაში ძალიან ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი, – ამის შესახებ ხოკრიშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა. იცით, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და ახლა იწყება ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი იმპლემენტაციის ფაზა, როდესაც ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა უნდა მოვიდეს ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან. იცით, რომ ევროპაში ეს მიმართულება ძალიან მაღალ ხარისხშია აყვანილი. აქედან გამომდინარე, ამ სამინისტროში ევროკავშირთან ჰარმონიზაციას რაც შეეხება, ძალიან ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი. მე ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან სწრაფად წავა”, – აღნიშნა ხოკრიშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, ხუდონჰესის პროექტს ჯერ არ იცნობს, ამიტომ მიაჩნია, რომ მისი მხრიდან გარკვეული პოზიციის დაფიქსირება არასერიოზული იქნებოდა. მისივე თქმით, ხუდონჰესთან დაკავშირებულ საკითხებს რაც შეიძლება მალე გაეცნობა, რათა არაფერი შეფერხდეს.
“მე შემიძლია გითხრათ, რომ ხუდონჰესთან დაკავშირებული მთელი პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებული მხარე იქნება მაქსიმალურად ჩართული ამ პროცესში”, – აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები