კახა მიქაია ახალაიას სიდედრის მიერ რუსი დიპლომატისთვის ბინის მიქირავების ფაქტს აფასებს

 არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია, ბაჩო ახალაიას სიდედრის მიერ რუსი დიპლომატისთვის ბინის მიქირავების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც “კვირას“ მიქაიამ განუცხადა, ის, რომ ბაჩო ახალაიას ახლობლის სახლში საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგა ცხოვრობს – ყოფილი ხელისუფლების მიერ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
მიქაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის ბაჩო ახალაია, რუსეთის რეჟიმთან მებრძოლებად ასაღებდნენ თავს, რეალურად კი, ფარული გზებით მთელი ცხრა წლის მანძილზე პუტინის ინტერესებს ემსახურებოდნენ.
“სახელმწიფოებრივი ინტერესებს ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ რუსი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაიას სიდედრის ბინაში ცხოვრობდეს. საერთოდ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ახალაიები, ვანო მერაბიშვილი, რუსებს ებრძოდნენ – ეს იყო ფარსი, ძალიან მარტივი, უნიჭო პიარი. დღეს გავიგეთ, რომ ბაჩო ახალაიას სიდედრის ოჯახში რუსი დიპლომატი ცხოვრობს, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ “ნაციონალები“ პუტინის აგენტები იყვნენ. მე ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას – ვისი მმართველობის პერიოდში დაიკარგა საქართველოს ტერიტორიები? რუსეთს ჩაბარდა სტრატეგიული ობიექტები, თავად ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც “კა -გე -ბე “- ს აგენტი იყო, მას არ გაუკეთებია იმდენი სიკეთე რუსეთისათვის, რამდენიც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ გააკეთა. თუ საზოგადოება იმ მარაზმიდან არ გამოვა, რომელიც პიარის გზით ჩამოყალიბდა საქართველოში, რომ თითქოს ჩვენ -“ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან მებრძოლები რუსეთის აგანტები ვართ, ხოლო თავად “ნაციონალები“ – გმირები – იქამდე ქვეყანას არაფერი არ ეშველება. რუსეთის სახელმწიფოს და რუსული პოლიტიკის საკეთილდღეოდ, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა ასე არავის არ უმოქმედია. მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის აგენტი, რაც პუტინს უნდოდა – ის გააკეთა სწორედ. ახლა სააკაშვილი აცხადებს, რომ უუნაგირო ცხენია, უუნაგირო ცხენი კი არა, რუსეთის აგაენტი უ..ტ – ო მხედარია“, – აცხადებს მიქაია.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ძმის, ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებმა სკანდალური დეტალი ამოატივტივა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი მშობლების კუთვნილი ერთ-ერთი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ,  მათ ბინაში შესვლის უფლება მეიჯარემ არ მისცა და განაცხადა, რომ ის რუსი დიპლომატია, რომელიც წლებია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.
„კვირა“ შეეცადა აღნიშნული დიპლომატის სტატუსის და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღმოჩნდა პირი, რომელიც ნადარეიშვილების ბინაში წლებია ცხოვრობს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები