მიმაჩნია რომ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა ისეთი განცხადება, რასაც დემოკრატიული სახელმწიფოს არჩეული პრეზიდენტი გააკეთებდა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა და არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს არ მიყვება.
“მე კიდევ ერთხელ დავინახე საზოგადოებასთან ერთად, რისი დანახვაც ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად არის ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა და ის არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს თავის გამოსვლებში არ ატარებს. კარგია რომ გაიმეორა სტრასბურგის სასამართლოს განცხადების ის ნაწილი, რომელიც ეხება შიმშილობის და სამედიცინო მომსახურების სტანდარტს. მოგეხსენებათ, ჩვენც, ხელისუფლებამ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და გამოვთქვით, მზადყოფნა რომ ეს სტანდარტი იყოს დაკმაყოფილება”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის კრიტიკას, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, თალაკვაძის განმარტებით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება მსჯავრდებულის დაცვის მხარის მოთხოვნა იყო.
“კადრებთან დაკავშირებით, სიმართლე გახლავთ ის რომ სააკაშვილის დაცვის მხარემ და ნიკოლოზ გვარამიამ, რომელიც არის დეზინფორმაციის მთავარი დისტრიბუტორი საქართველოში, მოითხოვეს კატეგორიულად ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება. ასევე არის ერთი ნიუანსი, ამ საქმეზე როგორც კი გამოძიება დაიწყო, სახელმწიფო ვალდებული იყო გადაეცა ეს კადრები სააკაშვილის დაცვის მხარისთვის და მაღალი ალბათობით, ისინი მაინც გამოაქვეყნებდნენ ამ ვიდეო ჩანაწერებს. შესაბამისად, აქ პრეტენზიები ჩვენი მისამართით არ უნდა იყოს”,- აღნიშნა თალაკვაძემ.