თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება
თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი ორ წელიწადში ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ საკითხზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში” დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, „თი- ბი- სი ჯგუფის” პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე, გლობალური დეველოპერული და სამშენებლო ჰოლდინგ “კონტის” ხელმძღვანელი კურტ კონტი და ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი დიმიტრი ტვილდიანი ესწრებოდნენ. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს ერთობლივად კომპანია „თი-ბი-სი ჰოლდინგი,” ჰოლდინგი „კონტი” და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი ახორციელებენ. ინვესტიციის ოდენობა 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჰოსპიტალში 400 ადამიანის დასაქმდება იგეგმება.
„ეს იქნება საერთაშორისო დონის, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებული სამედიცინო დაწესებულება. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ და ხარჯავს უამრავ თანხას სამკურნალოდ. ეს ჰოსპიტალი კი საშუალებას მისცემს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას, საქართველოში მიიღონ უმაღლესი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ფასები იქნება ხელმისაწვდომი და იმაზე ბევრად ნაკლები, რასაც ჩვენი მოქალაქეები ხარჯავენ უცხოეთის სხვადასხვა კლინიკაში. ეს იქნება სამედიცინო ჰაბის დანიშნულების ობიექტი, რომელიც, ამავდროულად, ამერიკაში და საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნებში მომუშავე უმაღლესი რანგის პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ ამ ჰოსპიტალის ჩამოყალიბებაში არა მარტო როგორც ექიმებმა, არამედ როგორც დამფუძნებელმა აქციონერებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ, ნიჭიერ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, დაბრუნდნენ საქართველოში და აქ უმაღლესი რანგის სამედიცინო დაწესებულებაში იმუშავონ. მივესალმები ამ პროექტს,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.