გებრეისუსი: პანდემიის დასრულება ჭიანურდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი თვლის, რომ ვაქცინების არათანაბარი ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვის სფეროში შეუსაბამობა ხელს უწყობს პანდემიის დასრულების გაჭიანურებას.

ასეთი მოსაზრება გამოთქვა მან, ტელეკონფერენციის ფორმატში, კორეის რესპუბლიკის მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოების ფორუმზე.

”ვაქცინების ხელმისაწვდომობის გლობალური უთანასწორობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბუნდოვან და არათანმიმდევრულ ზომებთან ერთად, ახანგრძლივებს პანდემიას, რაც ვირუსს გადაადგილებისა და მუტაციისთვის მეტ სივრცეს აძლევს”, – თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მან გაიხსენა, რომ, ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით 5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, „რეალური რიცხვი გაცილებით მეტია“.

„ხანგრძლივი კოვიდ“-ის პრობლემაზე საუბრისას, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ამ დაავადებით მცხოვრებთა რაოდენობა „უცნობია“ და საუბარია „დაავადებაზე, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია“.

მისი თქმით, ”მიმდინარე პანდემია წარმოადგენს სოლიდარობის კრიზისს, რომელიც ხაზგასმულია და გამწვავებულია გლობალური ჯანდაცვის არქიტექტურის ფუნდამენტური სისუსტით”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით სავალდებულო „შეთანხმების ან ხელშეკრულების“ გაფორმების ინიციატივით გამოვიდა.

აღნიშნულ თემას 29 ნოემბერს – 1-ელ დეკემბერს ჟენევაში დაგეგმილი, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის საგანგებო სხდომა მიეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები