ოთარ დანელიამ დალის მთის წყალსაცავის რეაბილიტაციის პროექტი განიხილა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ დანელიამ საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორთან, ვაჟა კირტავასთან და Dahl Consultants-ის ხელმძღვანელთან ვეინ დალთან ერთად დალის მთის წყალსაცავის რეაბილიტაციის პროექტი განიხილა.
სამინისტროს ინფორმაციით, დალის მთის წყალსაცავი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს, საქართველოში სიდიდით მესამეა და მისი მაქსიმალური დატვირთვით ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მთლიანობაში 20 ათასი ჰექტარი ფართობი გასარწყავდეს. როგორც შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, დღეისათვის დედოფლისწყაროში სარწყავი სისტემა არ არსებობს, შესაბამისად, დალის მთის წყალსაცავის რეაბილიტაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„მოვიწვიეთ ამერიკელი და უკრაინელი ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ ამ წყალსაცავის შესაძლებლობებს. ათასობით ჰექტარი ფართობის გასარწყავიანება გახლავთ ახალი სიცოცხლის დაბადება ამ რეგიონში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კაშხალის მდგრადობაზე და პროექტის შემდგომი განვითარების შესწავლაზე. უახლოეს მომავალში პროექტთან დაკავშირებით ექსპერტები მზა შემოთავაზებას მოგვაწვდიან “, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ესწრებოდა.