შარლ მიშელმა ფაშინიანსა და ალიევს საზღვარზე ვითარების დაუყოვნებლივი დეესკალაციისა და ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ მოუწოდა

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება ორი ქვეყნის ლიდერებთან – ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევთან განიხილა.

ამის შესახებ მიშელმა Twitter-ზე დაწერა.

“მოვუწოდე დაუყოვნებლივი დეესკალაციისა და ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ. რეგიონში პრობლემური ვითარებაა და ევროკავშირი მზადაა, პარტნიორებთან ერთად იმუშაოს დაძაბულობის დასაძლევად და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მისაღწევად”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ორი ქვეყნის საზღვართან დაკავშირებულ ბოლო ცნობებს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყვედ 12 სომეხი აიყვანეს (მანამდე 6 ჯარისკაცის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია).

დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ისევ ვერ ზუსტდება (აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია 30 სომეხი სამხედრო და 50-ზე მეტი დაჭრილია).

17:00 საათის მდგომარეობით, ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა არ შენელებულა.

რაც შეეხება რუსეთისადმი დახმარების თხოვნით მიმართვას, როგორც რუსეთში სომხეთის ელჩმა, ვარდან ტოგანიანმა განაცხადა, ერევანს მოსკოვისთვის ოფიციალურად ჯერჯერობით არ მიუმართავს.

მისივე თქმით, ამჟამად, სომხეთი და რუსეთი კონსულტაციებს სამხედრო და დიპლომატიური არხებით მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები