სომხეთის საგარეო უწყება: ერევანს აგრესიის მოსაგერიებლად ყველა საშუალების გამოყენების უფლება აქვს

სომხეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ყველა საშუალება აზერბაიჯანის აგრესიის მოსაგერიებლად, – ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სიუნიქში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით.

განცხადების მიხედვით, 16 ნოემბერს აზერბაიჯანის ჯარებმა სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე შეტევა სცადეს და ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე შეაღწიეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ “აზერბაიჯანული ძალების აგრესიულმა ქმედებებმა ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია. ეს არის სომხური ტერიტორიების ოკუპაციის აზერბაიჯანული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც 2021 წლის 12 მაისს სიუნიქსა და გეღარქუნიკში წინსვლით დაიწყო”.

“ბაქო თავისი ქმედებებით არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას, ვინაიდან სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმა ხორციელდება იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც, დოკუმენტის შესაბამისად, გადაეცა აზერბაიჯანს. გაერო-ს წესდების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკა უფლებამოსილია, ყველა საშუალებით მოიგერიოს აგრესია მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობასა და ყველა პარტნიორს: რუსეთს, ეუთო-ს, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – მკაფიოდ მოახდინონ რეაგირება აზერბაიჯანული მხარის ამ ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, მიიღოს კონკრეტული ზომები სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ძალების სრული გაყვანისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები