ირაკლი კობახიძე: როცა სააკაშვილმა თმებით ათრევინა თავი უკრაინელ სამართალდამცველებს, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის არ გამოუხატავს
“რა თქმა უნდა, იძულების ზომა იქნა გამოყენებული გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო აუცილებელი კონკრეტული ზომის აღსასრულებლად”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც სააკაშვილმა თმებით ათრევინა თავი უკრაინელ სამართალდამცველებს, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის არ გამოუხატავს.
„რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ლამაზი სანახავი ასე მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ ეს არის თავიდან ბოლომდე მისი დანაშაული. ვიღაცებმა შეიცხადეს, რომ თურმე სამარცხვინო მდგომარეობაში იხილეს სააკაშვილი. მე შეგახსნებთ, როდესაც თმებით ათრევინა თავი უკრაინელ სამართალდამცველებს, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის არ გამოუხატავს. ან უკრაინელი ომბუდსმენი გახსოვთ, რომ გამოვიდა და აღშფოთდა ამ ყველაფრით?“, – განაცხადა კობახიძემ.