სამხედრო ექიმებმა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სამედიცინო დახმარების პროგრამა გაიარეს

  საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ექიმებმა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროგრამა გაიარეს. ხუთდღიან სწავლებაში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მედიკოსები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი ტრენინგი საგანგებო სიტუაციებში სამედიცინო რეაგირების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმტკიცებას, დარგობრივი რეაგირების გეგმების ტესტირებასა და უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მასშტაბურ სიმულაციურ წვრთნა გაიმართა. სწავლებას „სტიქიური უბედურება ქიმიური ნივთიერების გაჟონვით“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვაკო ავალიანი, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიმულაციური სცენარის მიხედვით მიწისძვრამ ქიმიური ქარხნის აფეთქება და მავნე ნივთიერებების გაჟონვა გამოიწვია. შექმნილმა ვითარებამ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. სწავლებაში მონაწილე სამი უწყების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს საველე პირობებში პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და მათი ევაკუაცია მოახდინეს. ხუთდღიან წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 50 სამხედრო ექიმი მიიღო მონაწილეობდა. ერთობლივი სწავლება საქართველოს თავდაცვისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები