ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები არის სტაბილური, რაც 50-დღიანი შიმშილობის დროს არ ხდება
“მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფორმა ისეთია, რომ მისი ჯანმრთელობა არ ზიანდება, გაუგებარია, რატომ არის საუბარი, რომ გინდა თუ არა, მისი ციხიდან გაყვანა მოხდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების ხელში ჩაგდებას დესტაბილიზაციით ცდილობს.
“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები არის სტაბილური, რაც 50-დღიანი შიმშილობის დროს არ ხდება. ხედავთ, სხვა მიზანია? მიზანი ერთია – როგორმე ციხიდან გაიყვანონ, შემდეგ უკან შეტრიალება გახადოს პრობლემა, მოხდეს ბლოკირება, დაპირისპირება. სააკაშვილი თავად ამბობდა – ციხიდან გამიყვანეთ და ხელისუფლებას ათ დღეში ჩამოვაქცევო. დავსვათ კითხვა, რა მიზანი ჰქონდა, როცა ის საქართველოში შემოიპარა? – მიზანი იყო ის, რომ მიტინგზე გამოჩენილიყო, ეს მიტინგი თოვლის ზვინივით გადაზრდილიყო, მომხდარიყო პარლამენტში შეჭრა – სცენარი, რასაც დესტაბილიზაცია უნდა მოჰყოლოდა. ასე ფიქრობდნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ახლა თავი გავიბრიყვოთ და ვთქვათ, რომ ეს მიზნები არ იყო და ყოველდღე ამის შესახებ ტელევიზიით არ აცხადებდნენ? გინახავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრს, ან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრს მოეწოდებინა მისთვის შიმშილობა შეეწყვიტა? მიხეილ სააკაშვილი ტრაილერის მძღოლთან ერთად კი არ მოდიოდა, ბარიკადების სათავეში რომ აღმოჩნდებოდა, ნახავდით რა მიზანი ჰქონდა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ და ახლა სცენარის ხელახლა დატრიალებას ცდილობენ. ეს სცენარი არ დატრიალდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.