საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაქცინაცია რუსული “სპუტნიკით” მიმდინარეობს – როგორია ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა – აფხაზეთის რეგიონში, ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 33343 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 488 პაციენტი.

მდგომარეობის სირთულეზე ისაუბრა მარიონეტული რეჟიმის ჯანდაცვის მინისტრმა – ედუართ ბუთბამ, მან მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან დადგენილი წესები, მოერიდონ ქორწილებს და ხალხმრავალ შეკრებებს, მუდმივად ატარონ ნიღაბი, რადგან ვირუსი მუტაციას განიცდის და საავადმყოფოებში მძიმე პაციენტების რაოდენობა სულ უფრო იმატებს.

“ექიმებიც ადამიანები არიან, უკვე წელიწად-ნახევარია, ისინი დღე და ღამე მუშაობენ, ებრძვიან ვირუსს და როდესაც სამსახურიდან შინ დაღლილები ბრუნდებიან და ხედავენ საქორწილო კორტეჟებს, ხალხმრავლობას… გაითავისეთ, რომ ექიმები დაიღალნენ,” – განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

რაც შეეხება მცირეწლოვნებს, ბუთბას თქმით,  ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო, მათში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და ამბულატორიულად მკურნალობენ.

მისი ინფორმაციით, აფხაზეთში დღე-ღამის განმავლობაში 650 ბალონ ჟანგბადს ხარჯავენ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, რუსულ “სპუტნიკ V-ს” ოკუპირებულ აფხაზეთი რუსეთისგან ყიდულობს.  რეგიონში 2 დღის წინ ვაქცინის კიდევ 6 ათასი დოზა ჩაიტანეს. მარიონეტული რეჟიმის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთი “სპუტნიკის” 30 ათას დოზას მიიღებს. ხარჯებს “რესპუბლიკის ბიუჯეტიდან” გაიღებენ.

ვაქცინის პირველი, 6500 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტოში ჩაიტანეს.

რა ხდება ოკუპირებულ ცხინვალში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 9508 დადასტურებული შემთხვევაა.  გარდაცვლილთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებია.

ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ, ცხინვალში სწავლა განახლდა – გუშინ გაიხსნა სკოლები, საბავშო ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები და კოლეჯები. სწავლა, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, 19 ოქტომბრიდან შეწყვეტილი იყო.

ვაქცინას ოკუპირებულ ცხინვალში, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, რუსეთიდან იღებენ – აქ 2 რუსული ვაქცინაა, “სპუტნიკ V” და “სპუტნიკ ლაითი”. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ “სპუტნიკ ლაითი” უფრო მსუბუქი, ერთკომპონენტიანი ვაქცინაა, ამიტომ, ანტისხეულების გამომუშავებისთვის ერთი დოზაც საკმარისია. ვაქცინის შესახებ მესამე ეტაპის კვლევა არ დასრულებულა.

“სპუტნიკ ლაითით” რამდენიმე დღის წინ საჯაროდ აიცრა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი – სოსლან ნანიევი. მანამდე, ვირუსის წინააღმდეგ იმუნიზაცია მარიონეტული რეჟიმის სხვა წარმომადგენლებმაც ჩაიტარეს, მათ შორის, ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

წყაროები https://sputnik-abkhazia.ru/

https://sputnik-ossetia.ru/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები