გიორგი ცუცქირიძე: საქართველოში უნდა დასრულდეს ქუჩიდან ხელისუფლების აღების დამღუპველი პრაქტიკა და გადატრიალების დრო!
ვერანაირი ვადამდელი ვერ გახდება გამოსავალი, ამ ტიპის რადიკალური ოპოზიციის პირობებში, რადგან არ აღიარებენ დამარცხებას და ქუჩიდან სურთ ხელისუფლებაში მოსვლა,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს ქუჩიდან ხელისუფლების აღების დამღუპველი პრაქტიკა.
“რაც უფრო მძაფრდება და ისტერიულ ტონალობას იძენს “ოპომიტინგების” რიტორიკა, რაც რეფრენად გასდევს მხარდამჭერი პარტიული ტელევიზიების დიდაქტიკის ჟანრმორეულ სტუდიებს, სულ უფრო კლებულობს საპროტესტო მუხტი.
თავად ამ აქციების მომაბეზრებელი და კრეატივისაგან დაცლილი ხასიათი, რაც ფაქტიურად არის შარშანდელი საბოტაჟის გაგრძელება ერთი და იგივე პერსონალიების მონაწილეობით, რომელთა პათოსიც არა მომავალზე ან ცვლილებებზე, არამედ რეალურად დესტრუქციისკენ და უპერსპექტივობისაკენ, საბოლოოდ კი მოსახლეობის და ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.
ვერანაირი ვადამდელი ვერ გახდება გამოსავალი, ამ ტიპის რადიკალური ოპოზიციის პირობებში, რადგან არც მაშინ აღიარებენ დამარცხებას და ერთადერთი ქუჩიდან სურთ ხელისუფლებაში მოსვლა. ხალხის სიმცირეც ამის შედეგია, ამას ყველა ხედავს, ისინიც კი ვინც შეიძლება არ არის კმაყოფილი დღევანდელი ყოფით და არჩევნებზე არ მივიდა.
მოსახლეობის დიდ ნაწილს, მიუხედავად იმისა, მხარს უჭერს თუ არა “ქართულ ოცნებას”, დესტაბილიზაცია და არეულობები არ სურს. კოვიდ პანდემიურმა ეკონომიკამ ადამიანები სხვა გამოწვევების წინაშე დააყენა. ეკონომიკური აქტივობის და ინვესტიციების შემოსვლის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორიც, გაზრდილი პოლიტიკური რისკებია.
საქართველოში უნდა დასრულდეს ქუჩიდან ხელისუფლების აღების დამღუპველი პრაქტიკა, და გადატრიალების დრო!
ის რაც დღეს ვნახეთ, როდესაც ოპოზიცია სატრანსპორტო არტერიების გადაკეტვის ტაქტიკაზე გადავიდა, ისიც გაქანებული პანდემიის პირობებში, არა თუ ევროპულ ღირებულებებში თავი მედასავლეთეებად, რომ მოაქვთ არ ჯდება, არამედ არანაირი ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება რარიგ კეთილშობილური მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს, როდესაც სხვათა სიცოცხლეს აყენებ საფრთხეში. არანაკლებ უსუსურია მართველი პარტიის “რუსულ ოცნებად” წარმოჩენაც, ეთანხმები თუ არა მის გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან მიმართებაში.
ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს, ვის რა ინტერესი აქვს და რისთვის იბრძვის, დღევანდელი და მორიგი ჩაფლავებული პროტესტიც ამის გამოძახილია”, – წერს ცუცქირიძე.