მამუკა მდინარაძე: რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა, რომელიც არ ეწევა დღეს პატიმარ სააკაშვილს?!
ჯერჯერობით ვერცერთმა ადამიანმა ვერ გასცა პასუხი კითხვაზე, რა საჭიროება არსებობს დღეს სამედიცინო თვალსაზრისით, რის გამოც სააკაშვილი უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არაერთი პროფილის მედპერსონალი ზრუნავს.
„დღეს გვესმოდა განცხადებები: გადაიყვანეთ საავადმყოფოში – ის საავადმყოფოშია, გადაიყვანეთ მულტიფუნქციურ კლინიკაში – ის მულტიფუნქციურ კლინიკაშია. ისე ხმოვანდება ოპოზიციის მიერ ფეიკი მესიჯები, თითქოს ის არ არის საავადმყოფოში. რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა რომელიც არ ეწევა დღეს პატიმარ სააკაშვილს?!.
დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, მის ჯანმრთელობაზე არაერთი პროფილის მედპერსონალი ზრუნავს. სხვადასხვა ბრიგადიდან მივლინებულები არიან ექიმები, რომლებიც არიან სხვადასხვა პროფილის. შესაბამისად, თუკი რაიმე სამედიცინო სერვისის გაწევა დასჭირდება სააკაშვილს, მას გაეწევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.