შალვა პაპუაშვილი: ცდილობდნენ, ბევრნი გამოჩენილიყვნენ, მაგრამ ორივე სანაპიროს ჩაკეტვის ნაცვლად ერთ სანაპიროზეც ძლივს შეძლეს მოძრაობის შეფერხება
„ნაციონალური მოძრაობა“ არა მარტო ბოლო წლებში, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც რეალობის მოდელირებით გამოირჩეოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ,„ქრონიკაში“ განაცხადა.
„როდესაც ისინი საუბრობენ კრიზისზე, ესეც მოდელირებული კრიზისია, რომელიც მედიაში არის, მაგრამ როგორც კი გავთიშავთ ტელევიზორს, გავალთ გარეთ და დაველაპარაკებით მოქალაქეებს, დავინახავთ, რომ არანაირ კრიზისს ამ ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ეს არის მოდელირებული კრიზისი, რომელიც მხოლოდ მედიაში არსებობს. მათმა დღევანდელმა აქციამ ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როდესაც მსვლელობით ცდილობდნენ ბევრნი გამოჩენილიყვნენ, მაგრამ დაანონსებული ორივე სანაპიროს ჩაკეტვის ნაცვლად ერთ სანაპიროზეც ძლივს შეძლეს მოძრაობის შეფერხება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ასეთ მოდელირებულ კრიზისზე პასუხი მხოლოდ სიმართლე შეიძლება იყოს.
თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-მსვლელობა გაიმართა. დაანონსებული იყო ორივე სანაპიროს გადაკეტვა, თუმცა, აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს.