”რიგის სამიტზე საქართველოს მიწვევა ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის პროგრესის აღიარებაა”

რიგის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოს მიწვევა იმ ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც საქართველოსა და უკრაინას, როგორც ასპირანტ ქვეყნებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გააჩნიათ – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მანამდე, კერძოდ, 2018 წელს, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მოკავშირეთა შეხვედრაში სახელმწიფო მეთაურების და მთავრობის დონეზე, რომელიც ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატში გაიმართა. ამის შემდგომ, საქართველო და უკრაინა სხვა მინისტერიალებზეც მიიწვიეს ერთობლივად.

„რაც შეეხება დეკემბერში საქართველოს მინისტრიალზე მიწვევას, ეს არის ძალიან პოზიტიური და სერიოზული გზავნილი ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან“, – აღნიშნა ზალკალიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ რიგის მინისტერიალზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს საქართველოს ინიციატივებს, მათ შორის, არსებით ღონისძიებათა განახლებულ პაკეტს, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სხვა პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას.

ვიცეპრემიერის თქმით, ურთიერთქმედების ის მტკიცე მექანიზმები, რომლებიც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს, ქვეყანას საბოლოო მიზანთან – ალიანსის წევრობასთან მიიყვანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები