პარლამენტის კომიტეტების სხდომების ოქმები და აუდიოჩანაწერები საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სხდომაზე განიხილა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის მიხედვით, კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში, პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდება.
პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ცვლილებები ღია მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე ხორციელდება, რაც კომიტეტებისა და პარლამენტის სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში სიახლეებს გულისხმობს და მეტი ჩართულობისთვის არის გამიზნული.
კერძოდ, ცვლილებით, ამაღლდება პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობა, ღიაობა და გამჭვირვალობა. ასევე, გაუმჯობესდება ამ საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები, რაც ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარეობს.
ცვლილების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ირაკლი ზარქუა, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და ხატია წილოსანი.
განხილვის პროცესში, დეპუტატებმა შენიშვნები გამოთქვეს, რომელთა გათვალისწინებითაც, კომიტეტმა, პირველი მოსმენით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.